მოსალოდნელია თუ არა, რომ ჩინეთში ახალი კოვიდაფეთქების შემდეგ, მსოფლიოში ახალი, აგრესიული შტამები გაჩნდეს

კორონა

ბოლო ერთი კვირაა, რაც ჩინეთში კორონავირუსის ანტირეკორდული მაჩვენებელი ყოველდღიურად ფიქსირდება.

ეპიდაფეთქებები ქვეყნის თითქმის ყველა პროვინციაშია და თითქმის ყველა ინფიცირებულთან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ჩნდება კითხვა, ხომ არ უნდა ველოდოთ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, ვირუსის ახალი შტამების წარმოქმნასა და გავრცელებას, იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთში ყოველდღიურად, 40 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

„პრაიმტაიმი“ ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას ესაუბრა. ინფექციონისტმა რისკები შემდეგნაირად შეაფასა ↓

„დეტალებზე საუბარი რთულია. შეგვიძლია ვიმსჯელოთ თეორიულად, თუ რა შეიძლება მოხდეს, ამ წუთებში კონკრეტული საფრთხის შეფასება რთულია. 

ალექსანდრე გოგინავა: - რა თქმა უნდა, თეორიული საფრთხე ყოველთვის არსებობს, რომ ახალი მუტანტური შტამები წარმოიქმნას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაავადების გავრცელება არის ფართომასშტაბიანი ისეთ კონტინენტზე ან ქვეყანაში, სადაც მჭიდრო დასახლება და დიდი რაოდენობით ადამიანია. ამიტომ ამის თეორიული საფრთხე არსებობს, მაგრამ ამ ეტაპზე, არსებული მონაცემებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით რაიმე ახალი საყურადღებო, ან საგანგაშო შტამი ამ ეტაპზე არ არსებობს. ჯერჯერობით, საფრთხე მხოლოდ თეორიულია და მას რამე პრაქტიკული დასაყრდენი და საფუძველი არ გააჩნია.

ის, რომ კოვიდინფექცია არსებობს და პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ეს ცალსახაა. კარგი ინფორმაცია, რაც გვაქვს, არის, რომ „ომიკრონი“ და მისი ქვეშტამები არიან შედარებით სუსტები, აქვთ მსუბუქად მიმდინარე კლინიკური სურათი და ნაკლებად აქვთ უნარი, რომ მუტაციის შედეგად წარმოქმნან ისეთი შტამები, რომლებიც იქნება საგანგაშო და საყურადღებო, როგორიც იყო ვთქვათ, „დელტა“ და მისი წინამორბედები.

- ცნობილია, რომელი შტამი მძვინვარებს ჩინეთში?

- რთულია, ჩინეთიდან ინფორმაციის მოპოვება. თუ ჯანდაცვის ორგანიზაციას დავეყრდნობით, ამ ეტაპზე რამე ახალ შტამთან ჯერჯერობით, საქმე არ გვაქვს. ძირითადი მონაცემებით, მთელ მსოფლიოში „ომიკრონის“ ქვეშტამები ცირკულირებს.