გრიპის სეზონი ჯერ არ დაწყებულა და დრო ნამდვილად არის, რომ ვაქცინაციას ეფექტი ჰქონდეს - პაატა იმნაძე

paata imnadze

საქართველოში გრიპის სეზონი ნოემბრის მეორე ნახევრიდან დაიწყება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ.

„სეზონი ჯერ არ დაწყებულა. გრიპი ალბათ ჩვეულებრივ ასე ნოემბრის მეორე ნახევრიდან გააქტიურდება საქართველოში. ასე რომ დრო ნამდვილად არის იმისათვის, რომ ვაქცინაციამ თავისი ეფექტი გამოიღოს. ვაქცინა არის ჰოლანდიური წარმოების. ეს ვაქცინა არის პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ვაქცინაცია შესაძლებელია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში“, - განმარტა პაატა იმნაძემ.

დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასოა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა.