„დაავადება X“ მსოფლიოს ახალი თავსატეხი? - რა არის ეს და როგორია მეცნიერთა პროგნოზი

დაავადება იქსი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 2024 წლის 15-დან 19 იანვრამდე შვეიცარიის ქალაქ დავოსში გაიმართება. ყოველწლიურად ამ ღონისძიებაში მონაწილეობენ ბიზნესმენები, პოლიტიკური ლიდერები, ცნობილი მოაზროვნეები და ჟურნალისტები - ერთად განიხილავენ მსოფლიო პრობლემებს, მათ შორის ეკოლოგიისა და ჯანმრთელობის სფეროში. ცნობილია, რომ 17 იანვარს შეხვედრაზე ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს „დაავადება X“, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ახალი პანდემია და 20-ჯერ უფრო მომაკვდინებელი იყოს ვიდრე COVID-19.

ამ ჰიპოთეზური დაავადების შესახებ მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს და დღეს კაცობრიობის მთავარი მიზანია, მოემზადოს იმ პრობლემასთან საბრძოლველად, რომელიც შეიძლება უცებ მთელ მსოფლიოს დაატყდეს თავს.

რა არის დაავადება X
დაავადება X არ არის სპეციფიკური დაავადება, რომელიც უკვე საფრთხეს უქმნის კაცობრიობას. ეს არის ტერმინი, რომელიც საჭიროა თეორიული დაავადების აღსაწერად, რომელიც შეიძლება იყოს იმდენად გადამდები და მომაკვდინებელი, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებს მსოფლიოს მოსახლეობას. ინფექციონისტი ენტონი ფაუჩის თქმით, სახელში "X" ნიშნავს „სიურპრიზს". თუკი დედამიწაზე მოულოდნელად ძალიან გადამდები და მომაკვდინებელი ინფექცია გაჩნდება, ის სწორედ "დაავადება X" გახდება.

ჯერ კიდევ ამ ტერმინის გამოჩენამდე, 2015 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტებმა შემოგვთავაზეს სამოქმედო გეგმის შექმნა, რომელიც შეიძლება მიჰყვეს კაცობრიობა სასიკვდილო დაავადების შემთხვევაში. მას შემდეგ ყოველწლიურად ჯანმო აქვეყნებს იმ დაავადებების ჩამონათვალს, რომლებიც საჭიროებენ ეფექტური ვაქცინისა და წამლის სწრაფ ძიებას კაცობრიობის დასაცავად. ტერმინი „დაავადება X“ ოფიციალურად 2018 წლის თებერვალში გამოჩნდა."დაავადება X"-ის ტიტულის პრეტენდენტები არა მხოლოდ სრულიად ახალი დაავადებებია, არამედ არსებული მუტაციებიც - მაგალითად, 1918 წელს გავრცელებული ესპანური გრიპი, რომელმაც 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, ამ კრიტერიუმებს ექვემდებარება. ასევე, "დაავადება X"  შეიძლება ეწოდოს შიდსს, რომელიც 1983 წელს შიმპანზეებიდან გავრცელდა და 35 მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.