ბევრ კოვიდგადატანილ ადამიანს ფსიქიკური პრობლემა უფრო გაუმწვავდა ან არ ჰქონდათ პრობლემა და კოვიდის შემდეგ გამოუვლინდა - გუგა სიხარულიძე

guga sixarulidze

უკვე ორი წელია, რაც მსოფლიო სხვა რეალობაში ცხოვრობს. პანდემიამ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. როგორც ამბობენ, პოსტკოვიდური მდგომარეობაც არანაკლებ საყურადღებოა, რადგან ბევრი პაციენტისთვის ვირუსი ასე მარტივად არ სრულდება და გარკვეული სიმპტომები ინფექციის გაქრობის შემდეგაც, კვირების და ხანაც - თვეების განმავლობაში ნარჩუნდება.

ვირუსმა შეიძლება დააზიანოს ფილტვები, გული, თირკმელები, კანი და ტვინი, ნერვული სისტემა, რაც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემემის რისკს ზრდის.

რამდენად გახშირდა ფსიქიკური პრობლემები პანდემიის პირობებში და რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს?! ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „პრაიმტაიმი“ ფსიქიატრ გუგა სიხარულიძეს ესაუბრა.

„2020 წელს ჩავატარეთ კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ კოვიდი საგრძნობლად ზრდის ფსიქიკური პრობლემების გამოვლინების ალბათობას. ამას ამტკიცებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც.

რაც შეეხება არამეცნიერულ ნაწილს, პრაქტიკოსი ექიმი გახლავართ და მინდა გითხრათ, რომ შეინიშნება პაციენტების ზრდა. ბევრ კოვიდგადატანილ ადამიანს ფსიქიკური პრობლემა უფრო გაუმწვავდა ან არ ჰქონდათ პრობლემა და კოვიდის შემდეგ გამოუვლინდა.

ძირითადად საუბარია შფოთვაზე, დეპრესიასა და უძილობაზე. ყველაზე ხშირად კი ძილის დარღვევის პრობლემით მოგვმართავენ. თუ ჩაძინება უჭირს ადამიანს, ღამე ეღვიძება, დილით გამოუძინებელს ეღვიძება, აქვთ უმიზეზო შფოთვა, დაძაბულობა, უხალისობა, მოტივაციის ნაკლებობა, ყურადღების ნაკლებობა, მეხსიერების პრობლემა, სიამოვნების მიღების უნარის დაქვეითება, უენერგიობა მთელი დღის განმავლობაში, გულის ფრიალი, ჰაერის უკმარისობა, პანიკური შეტევები და ა.შ. აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს.“- ამბობს გუგა სიხარულიძე.