შვილებისგან მიტოვებული დედები, რომლებიც მიყვებიან თავიანთ ამბებს... - გაიცანით მანანა ბიგვავა, რომელიც მიუსაფარ ადამიანებზე ზრუნავს

მანანა ბიგვავა

მანანა ბიგვავა ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში 36 წელია მუშაობს. 2015 წლის დეკემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც თბილისში მიუსაფარ პირთა პირველი კაპიტალური მუნიციპალური თავშესაფარი შევიდა ექსპლუატაციაში, ამ თავშესაფრის სოციალური მუშაკია.

ქალბატონი მანანა აქტიურად იყო ჩართული ე.წ. „კარვების ქალაქიდან“ თბილისელი მიუსაფარი პირების კეთილმოწყობილ თავშესაფარში გადაყვანის პროცესში. როგორც ცნობილია, მიუსაფარი პირების ზამთრის სიცივისგან დაცვისა და ლეტალური შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით, 2012 წელს, საქართველოს ხელისუფლებამ კარვების გაშლის გადაწყვეტილება მიიღო.

მოგვიანებით კი, თბილისის მერიამ კაპიტალური თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2015 წელს გაიხსნა და 240 მობინადრეზე არის გათვლილი.

მანანა ბიგვავა, პროფესიით ზოგადი პროფილის მედდაა და 2020 წლიდან კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის დროს, კოლეგებთან ერთად დაუღალავად, ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ემსახურებოდა ბენეფიციარებს და აქტიურად მონაწილეობდა თავშესაფარში პანდემიური ვითარების მართვის პროცესში.