„ყველას გთხოვთ, მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი აგრესია“ - რას ნიშნავს ტრანზიტი, რომელზეც ასტროლოგი გვაფრთხილებს

xatuna noeli

ასტროლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს ცვლილებებზე, რომელიც რამდენიმე დღეში დაიწყება და ზოდიაქოს ნიშნებზე მეტ-ნაკლებად კარგად აისახება.

ხათუნა ნოელი ასტროლოგიიტ დაინტერესებულ პირებს მოსალოდნელი დაძაბულობის შესახებაც აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ აგრესია მაქსიმალურად გააკონტროლონ.

„25 მაისიდან (03:17 თბილისის დროით) მარსი ვერძის ნიშანში გადადის, სადაც ის 5 ივლისამდე იმოძრავებს. მარსის ეს ტრანზიტი პირველ რიგში ვერძებს წაადგება სასიკეთოდ და ასევე, ცეცხლის და ჰაერის სტიქიის შემდეგ ნიშნებს: ლომს, მშვილდოსანს, მერწყულს და ტყუპებს. სიფრთხილის გამოჩენა მართებთ კირჩხიბებს, თხის რქებს და სასწორებს. დანარჩენი ნიშნებისათვის ტრანზიტის ზეგავლენა ნეიტრალურია.

ახლა უფრო კონკრეტულად, თუ რა ტენდენციების მოტანა შეუძლია ამ ტრანზიტს:

უპირველეს ყოვლისა, უნდა გვახსოვდეს, რომ ვერძის ტერიტორია მარსის მმართველობის ადგილია, ესე იგი, ის აქ ბუნებრივად, საკუთარ კალაპოტში გრძნობს თავს და შეიძლება გაგვხადოს უფრო მეტად ინიციატივიანები, შეგვავსოს მეტი ენერგიით, მოგვმატოს ფიზიკური აქტიურობის სურვილი, მოგვცეს გაბედულება, ვიყოთ რაღაცაში პირველები, ლიდერები, დავიცვათ ჩვენზე სუსტები, გამოვესარჩლოთ დაჩაგრულებს და ასე შემდეგ...

მით უმეტეს, რომ მას აქ სოციალურ თემებზე მომუშავე, ბედნიერების პლანეტად წოდებული იუპიტერი უხვდება, რომელიც თევზებიდან ვერძში 10 მაისს გადავიდა და ჯერ კიდევ პირველ გრადუსებზე იმყოფება.

მარსი და იუპიტერის შეერთება ფაქტიურად 20 რიცხვიდან დაიწყო, როდესაც მარსი ჯერ კიდევ თევზებში იყო. თუმცა მაშინ ისინი უკვე ერთ ნიშანში მოხვდებიან, რასაკვირველია, მათი ერთობლივი მოქმედების ხარისხი მოიმატებს. ამ კონიუნქციის პიკი 29 მაისს უწევს, ამის მერე გავლენა თანდათან იკლებს და 7 ივნისს საბოლოოდ ამოიწურება.

იუპიტერი განკარგავს ისეთ თემებს, როგორიცაა ჩვენი სოციალური განვითარება და წინსვლა. ამიტომ ეს პერიოდი შესანიშნავად შეგვიძლია გამოვიყენოთ თვითპრეზენტაციისათვის, პროფესიული და კარიერული ზრდისათვის, ინიციატივების გამოვლენისათვის, შემოქმედებისათვის, შესაბამის პირებისაგან მფარველობის მოძიებისათვის. აგრეთვე, მშვენიერი დროა უცხოეთთან და უცხოელებთან კონტაქტებისათვის. ვიზის ასაღებად, სწავლის დასაწყებად, გამოცდების ჩასაბარებლად, სხვადასხვა სოციალური და იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად.

მოკლედ, მართლაც კარგი დროა. თუმცა ამ ასპექტს გარკვეული სირთულეების მოტანაც შეუძლია.

მოგეხსენებათ, მარსი ომის პლანეტაა, ხოლო იუპიტერის ერთ-ერთი ფუნქცია ზრდა და გაფართოებაა. იუპიტერი ზრდის ყველაფერს, რასთანაც შეხებაში მოდის. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, აგრესიის გაზრდაც შეუძლია. სწორედ ამის დასტური იყო ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც ასპექტის დაწყებისთანავე მიჰყვნენ ერთმანეთს. ომი ვახსენე და აქაც რა თქმა უნდა, ბრძოლის ახალ ფაზაში გადასვლის ეტაპი, რომელიც სავარაუდოდ, უფრო მეტი ექსპანსიით იქნება გამორჩეული, აი ახლა, ამ თვის ბოლოს დაიწყება.

სიმართლე რომ გითხრათ, მე როდესაც დეკემბრის მიწურულს 2022-ის პროგნოზზე ვმუშაობდი, ომის დაწყების საშიშროებას სწორედ ამ პერიოდისათვის ვვარაუდობდი, და ეს ჩემი ეჭვები რამდენიმე ადამიანს კიდეც გავუმხილე. თუმცაღა, როგორც ვნახეთ, ომი 3 თვით ადრე დაიწყო. რასაკვირველია, იმ დაჩქარებასაც თავისი მიზეზები გააჩნდა, რომელთა სათავეც ძირითადად პუტინის რუკაში და მის მიმდინარე პროგნოზებში იდო. აგრეთვე, რუსეთ-ამერიკის ასტროლოგიური რუკების დინამიკაში, თუმცა მე მაშინ მაინც გადავიფიქრე ამის ხმამაღლა აღნიშვნა, იმედი დავიტოვე, რომ მოვლენები სხვაგვარად განვითარდებოდნენ.

რა თქმა უნდა, მარსის ტრანზიტი ვერძის ნიშანში მხოლოდ იუპიტერთან შეერთებით არ შემოიფარგლება. ამ ხნის განმავლობაში იქნება ჰარმონიული ასპექტებიც და დაძაბულიც. მაგრამ მათ შესახებ მომდევნო ჯერზე ვისაუბრებ და თანდათან ყველას შევეხები.

ახლა კი, ვინაიდან იუპიტერისა და მარსის შეერთება უფრო და უფრო იკრეფს ძალას, მინდა ყველას გთხოვოთ - მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი აგრესია, დაგროვილი თუ მოზღვავებული ენერგია კი აჯობებს, რომ კეთილ საქმეებს, სწავლას, შემოქმედებას ან პროფესიულ ზრდას დავახარჯოთ, რაშიც სუყველას წარმატებებს გისურვებთ.“ - წერს ხათუნა ნოელი.