უფასო პროგრამები და ვაუჩერები სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც 2023 წლიდან ამოქმედდება - დეტალები

სკოლა

დეკემბრის ბოლოს, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა და მისი მოცულობა 1 მილიარდ 632 მილიონი ლარია.

EDU.ARIS.GE-მ დოკუმენტში განათლების მიმართულებით, კერძოდ კი სკოლის მოსწავლეებისთვის განსაზღვრული სხვადასხვა პროგრამების შესახებ მოიძია ინფორმაცია.

როგორც 29 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, პირებს, რომელთა შორისაც იქნებიან 18 წლამდე სასკოლო ასაკის სოციალურად დაუცველი მოსწავლეები, უფასო სწავლება შეეძლებათ, ახალგაზრდობის სახლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სპორტულ სკოლებსა და საცურაო აუზებზე.

რაც შეეხება გამოყოფილ თანხებს, უფასო სწავლება სპორტულ სკოლებში და საცურაო აუზებში-688,5 ლარით დაფინანსდება. ხოლო, ხელოვნების სკოლებში მოსწავლეთა უფასო სწავლებისთვის 980,0 ლარი დაიხარჯება.

თბილისის ბიუჯეტის დოკუმენტში, უფასო სახელოვნებო განათლების მიღებისთვის კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი და მიმართულებებიც არის გაწერილი:

ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის N19 ხელოვნების სკოლაში – საორკესტრო ინსტრუმენტების სპეციალობით მოსწავლეთა უფასო სწავლება;
შოთა შანიძის სახელობის N20 ხელოვნების სკოლაში – საორკესტრო ინსტრუმენტების სპეციალობით მოსწავლეთა უფასო სწავლება;
ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის N28 ხელოვნების სკოლაში – ქართული ხალხური საგუნდო ხელოვნების განყოფილებაზე მოსწავლეთა უფასო სწავლება;
ჰამლეტ გონაშვილის სახელობის N29 ხელოვნების სკოლაში – თანამედროვე და ტრადიციული მიმდინარეობის განხრით მოსწავლეთა უფასო სწავლება;
ალიოზ მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლის საგუნდო ხელოვნების განყოფილებაზე (კაპელა) მოსწავლეთა უფასო სწავლება;
გარდა ამისა, დოკუმენტში წერია, რომ განხორციელდება წარმატებული სპორტსმენი ბავშვების ფინანსური წახალისებაც, რისთვისაც 429 ათასი ლარია გამოყოფილი.

„ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტის სხვადასხვა სახეობებში მოასპარეზე 18 წლამდე ასაკის პერსპექტიული სპორტსმენების ფინანსური წახალისება, რაც გაზრდის მათ მოტივაციას სასწავლო-საწვრთნო პროცესის მიმართ“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

დაფინანსება გაითვალისწინეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურეობისთვისაც, რისთვისაც 1,616.6 ლარია გამოყოფილი.

„დაფინანსება ხორციელდება ვაუჩერული პრინციპით, რომლის ფარგლებშიც მოსარგებლეები თავად აირჩევენ მომსახურების მიმწოდებელს. ვაუჩერის ოდენობა და გაცემის წესი განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, ხოლო განცხადების და ვაუჩერის ფორმას ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური“, – განმარტებულია ბიუჯეტის დოკუმენტში.

დაფინანსება გათვალისწინებულია მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობისთვისაც, ოდენობა 36 000 ლარი;
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ამ მომსახურეობით ისარგებლებენ 18-დან 21 წლამდე ასაკის ბენეფიციარები, რომელთა დაფინანსებაც მოხდება არამატერიალიზებული სახით-ვაუჩერით, რომლის ღირებულებაც 500 ლარია.

„პროგრამა ხორციელდება ვაუჩერული პრინციპით, რომლის ფარგლებშიც მოსარგებლეები თავად აირჩევენ მომსახურების მიმწოდებელს. ვაუჩერის ოდენობა და გაცემის წესი განსაზღვრული იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, ხოლო განცხადების და ვაუჩერის ფორმას ამტკიცებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური“.