სოფიო გორგოძე საგანმანათლებლო მიღწევების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მუდმივმოქმედი კომისიის წევრად აირჩიეს

სოფიო გორგოძე

საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) რიგით 63-ე გენერალური ასამბლეა ხორვატიაში  3-5 ოქტომბერს იმართება. ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საგანმანათლებო სფეროში მომუშავე დელეგატები სხვადასხვა ქვეყნიდან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე ასოციაციის მუდმივმოქმედი კომისიის წევრად აირჩიეს.

მუდმივმოქმედი კომისია შედგება თავმჯდომარისა და 6 წევრისაგან, რომლებიც ირჩევა გენერალური ასამბლეის წარმომადგენლებისგან. კომისია წარმოადგენს ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს. საბჭო იკრიბება წელიწადში ორჯერ თავმჯდომარის მოწვევით იმისათვის, რომ გადახედოს IEA-ს პოლიტიკას და მონიტორინგი გაუწიოს მის საქმიანობას. საბჭო გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს წარმოადგენს და მჭიდროდ თანამშრომლობს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, რათა განახორციელოს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები. მუდმივმოქმედი საბჭო ასევე იძლევა რეკომენდაციებს ახალი წევრების არჩევასა და ახალი საგანმანათლებლო კვლევების დაგეგმვის თაობაზე.

სოფიო გორგოძე 3 წლის განმავლობაში გახლდათ IEA-ს გენერალური ასამბლეის წევრი, რომელიც შედგება 60-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლებისგან. მას აქვს 20 წლამდე მუშაობის გამოცდილება განათლების სფეროში. საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA) ეროვნული კვლევითი ინსტიტუტების, სამთავრობო კვლევითი სააგენტოების, მეცნიერებისა და ანალიტიკოსების საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც მუშაობს კვლევის მიმართულებით მთელ მსოფლიოში განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ამ მიზნით ასოციაცია ატარებს სანდო და ვალიდურ საერთაშორისო შეფასებებს, მათ შორისაა წიგნიერების საერთაშორისო კვლევა PIRLS  და მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS), რომლებშიც საქართველო 2006 წლიდანაა ჩართული.

სოფიო გორგოძე სხვადასხვა დროს იყო არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის კონსულტანტი. მათ შორისაა: მსოფლიო ბანკი, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი, გოპა კონსალტინგი. სამი წლის მანძილზე მუშაობდა აგრეთვე ორგანიზაცია IREX-ის პროფესიული განვითარების ექსპერტად მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში.

2007-2010 წლებში იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორი. მიღებული აქვს დოქტორის ხარისხი ილიას უნივერსიტეტში განათლების პოლიტიკის მიმართულებით; მაგისტრის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში საერთაშორისო განათლების პოლიტიკის მიმართულებით; ასევე, მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკანისტიკის მიმართულებით. აქვს აგრეთვე მასწავლებლად, განათლების კონსულტანტად და განათლების პროექტების მართვის სფეროში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. ილიას უნივერსიტეტში კითხულობს სხვადასხვა სალექციო კურსს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. სხვადასხვა დროს კოორდინაციას უწევდა განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას და ტემპუსის უმაღლესი განათლების მართვის პროგრამას, რომელიც ითვალისწინებდა უმაღლესი განათლების სამაგისტრო პროგრამის დანერგვას საქართველოსა და სომხეთში. 2018 წლიდან სოფიო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელობს.