„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
23-27 მარტს, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისა და უმაღლესის სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის, ლიტერატურულ ბანაკს მოაწყობს. მოწვეული სტუმრები ბანაკის მონაწილეებს ზოგადად ქართულ ლიტერატურაზე, დრამატურგიაზე, ლიტერატურული ტექსტის ანალიზსა და კრიტიკაზე, ლექციებს წაუკითხავენ. ასევე, გაიმართება კინოჩვენებები და თემატური დისკუსიები.
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტების კოორდინატორი, ნიკა ესებუა ბანაკის მიზანსა და იდეაზე, დეტალურად გვესაუბრა.
რა არის პროექტის მიზანი და რით განსხვავდება ის „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ მიერ, მანამდე მოწყობილი ბანაკებისგან?
„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სტუდენტებისთვის რიგით მესამე ბანაკს აწყობს. თითოეულ მათგანს თემები განსხვავებული, თუმცა, მიზანი საერთო აქვთ – გვინდა, ლიტერატურით დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა მეტი გაიგონ სფეროში მიმდინარე პროცესებზე, თავადაც მოსინჯონ ძალები მწერლობაში და აღმოაჩინონ სამომავლო პროფესიული შესაძლებლობები. მეორე უმნიშვნელოვანესი მიზანი, საერთო ინტერესის მქონე ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირება და დამეგობრებაა.
წინა ორი ბანაკით ამ მიზნებს მივაღწიეთ. მათი მონაწილეები ერთმანეთთან მეგობრობასაც აგრძელებენ და არც ლიტერატურის მიმართ განელებიათ ინტერესი. ეს იქიდანაც ჩანს, რომ ისინი აქტიურად ერთვებიან ჩვენს წამოწყებებში და მუდმივად გამოთქვამენ ახალ პროექტებში ჩართვის სურვილს. მეტიც, ერთ-ერთ ბანაკში მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, მათ მოთხრობებიც დაწერეს, რომლებიც კრებულად გამოვეცით.
მორიგი ლიტერატურული ბანაკი ინკლუზიური იქნება – მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სპეციალური საჭიროების მქონე პირები, ისე უმაღლესი სასწავლებლების მოქმედი სტუდენტები. ამით, გვინდა, ხელი შევუწყოთ მათ გარემოსთან ადაპტაციასა და თანატოლებთან ინტეგრაციას.
რა თემებს მოიცავს სალექციო კურსი და ვინ გაუძღვება მას?
სალექციო კურსს წაიკითხავს ოთხი მოწვეული სტუმარი – მწერალი დათო ტურაშვილი, ჟურნალისტი და პროზაიკოსი რუსუდან რუხაძე, ლიტერატურის კრიტიკოსი ნიკა აგლაძე და სცენარისტი ქეთი დევდარიანი.
დათო ტურაშვილი, არა მხოლოდ დღეისთვის, მეტად აქტუალურ თემას შეეხება და ლიტერატურაში ომის თემატიკასა და პროტესტის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. ნიკა აგლაძე წაიკითხავს ლექციას 21-ე საუკუნის პროზისა და პოეზიის კრიტიკაზე, ქეთი დევდარიანის დრამატურგიის თავისებურებებზე ილაპარაკებს, ხოლო რუსუდან რუხაძის თემის სათაურია“ იცხოვრო, რომ მოჰყვე“, რომელიც იდეების გენერირებასა და თხრობის, ტექსტის აგების ტექნიკაზე იქნება.
როგორ ხდება პროექტში მონაწილეობის მსურველთა შერჩევა?
ბანაკში მონაწილეობას სულ 20 ახალგაზრდა მიიღებს. სპეციალური საჭიროების მქონე პირები, არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ-ჯორჯიასთან“ თანამშრომლობით, შევარჩიეთ. სხვა დაინტერესებულ პირთათვის კი, განაცხადის მიღება, უკვე დაიწყო და 11 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა, მისამართზე wbclit2021@gmail.com, უნდა გამოაგზავნონ, მაქსიმუმ, 200-სიტყვიანი სამოტივაციო წერილი და სტუდენტის მოქმედი სტატუსის დამადასტურებელი ცნობა.