საქსტატი: 2025 წელს საშუალო განათლება 41.4 ათასმა მოსწავლემ, დაწყებითი განათლება კი 55.0 ათასმა მოსწავლემ მიიღო

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 292 ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო და 206 კერძო.

საქსტატის ცნობით, წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა ორი ერთეულით შემცირდა.

რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა იმერეთში ფიქსირდება. უწყების ანგარიშით, 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში 644.2 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.6 პროცენტით აღემატება.

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 88.8 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში – 11.2 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.4 პროცენტი გოგოა, ხოლო 51.6 პროცენტი – ბიჭი.

რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე – 36.0% თბილისში სწავლობს. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საშუალო განათლება მიიღო 41.4 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.8 პროცენტით ნაკლებია.

დაწყებითი განათლება მიიღო 55.0 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8 პროცენტით ნაკლებია. 2025/2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 66.3 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.5 პროცენტით აღემატება. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, მასწავლებლების 87.6 პროცენტი ქალია, ხოლო 12.4 პროცენტი კაცი.