1692302192
რას ნიშნავს თავდებობა და როდის შეუძლია კრედიტორს მსესხებლის ნაცვლად თქვენ მოგთხოვოთ თანხის დაბრუნება - იურისტის რჩევა

საფინანსო ინსტიტუტები, როგორც წესი, ე.წ. „სოლიდარული თავდებობის“ პრინციპს იყენებენ, რაც ნიშნავს, რომ კრედიტორს შეუძლია, ნებისმიერი პირისგან, როგორც თავდებისგან, ისევე მსესხებლისგან ან სხვა თავდებისგან დაიწყოს აღსრულება და თანხა ამოიღოს“, - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ადვოკატმა, CSTlegal-ის მმართველმა პარტნიორმა, სოფიო მაჭავარიანმა განაცხადა.
იურისტი ყველას მოუწოდებს, თავიდანვე კარგად გააცნობიეროს მისი უფლება-მოვალეობები და მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს ან თავად რისი გაკეთების საშუალება აქვს და ექნება.
„საფინანსო ინსტიტუტები, როგორც წესი, ე.წ. „სოლიდარული თავდებობის“ პრინციპს იყენებენ, რაც ნიშნავს, რომ კრედიტორს შეუძლია, ნებისმიერი პირისგან, როგორც თავდებისგან, ისევე მსესხებლისგან ან სხვა თავდებისგან დაიწყოს აღსრულება და თანხა ამოიღოს. თავის მხრივ, ამ შემთხვევაშიც გარკვეული ნიუანსებია გასათვალისწინებელი - თუ თავდებისთვის ცნობილი გახდება, რომ ძირითად მსესხებელს ეპატია ვალდებულება, რადგან თავდებობა არის აქსესორული უფლება, ანუ ძირითად ვალდებულებაზე მიბმული, მასაც შეუძლია განაცხადოს, რომ ამოღების მოთხოვნა არც მის მიმართ უნდა იყოს.
როდის ხდება პატიება და როდის შეიძლება გათავისუფლდეს თავდები ვალდებულებისგან, ამის კონკრეტულად განსაზღვრა ძალიან რთულია და უამრავი ნიუანსის გათვალისწინებას მოითხოვს, მაგრამ პრინციპის დონეზე მინდა ვთქვა, რომ ნებისმიერმა ასეთ ვითარებაში მყოფმა ადამიანმა უნდა გადაამოწმოს ის გარემოებები, რაზეც უკვე ყურადღება გავამახვილე.
ასეთ დროს ინფორმირებულობა და სწორი ნაბიჯების გადადგმა ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ყველას მოვუწოდებ, თავიდანვე კარგად გააცნობიეროს მისი უფლება-მოვალეობები და მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს ან თავად რისი გაკეთების საშუალება აქვს და ექნება“, - აღნიშნა იურისტმა.