ბიტკოინის ფასი პირველად ისტორიაში, 100 000 დოლარს გადასცდა

ბიტკოინი

პირველად ისტორიაში ერთი ბიტკოინის ფასი 100 000 აშშ დოლარს გადასცდა. ამის ძირითადი მიზეზი არის მოლოდინი, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტის მხრივ დადებით პოლიტიკას გაატარებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ახალი რეკორდი ბიტკოინმა მას შემდეგ დაამყარა, რაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ხელმძღვანელად მის ამჟამინდელ წევრს პოლ ატკინსს დაამტკიცებს. ატკინსის დამოკიდებულება კრიპტოვალუტების მიმართ ბევრად უფრო პოზიტიურია, ვიდრე ფასიანი ქაღალდების კომისიის დღევანდელი ხელმძღვანელის, გარი გენსლერის პოზიცია.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ კრიპტოვალუტების ბაზარმა სწრაფი განვითარება დაიწყო. ამჟამად, სპეციალისტების თქმით, მისი მოცულობა 3,3 ტრილიონი დოლარია.

ტრამპის დაპირებაა, რომ აშშ კრიპტოვალუტის მსოფლიო ცენტრი გახდება, სამი წლის წინ მას სულ სხვა პოზიცია ჰქონდა და ამბობდა, რომ ბიტკოინი არის თაღლითობა.

ტრამპის რიტორიკის შეცვლას მოჰყვა ის, რომ მისი გამარჯვების შემდეგ გასულ ერთ თვეში ბიტკოინის ფასმა 40%-ით მოიმატა, ხოლო წლის დასაწყისთან შედარებით ეს კრიპტოვალუტა ორჯერ გაძვირდა.