ვისთვის „დასრულდა პანდემია“ - აკაკი ზოიძის გაფრთხილება

აკაკი ზოიძე

პანდემია არ დასრულებულა, კოვიდი არსად წასულა, მხოლოდ მასშტაბები შემცირდა, - აცხადებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე და ვარაუდობს, რომ კორონავირუსი შესაძლოა, დასრულებულად „სადღაც შემოდგომაზე“ გამოცხადდეს. 

იმავეს ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, პანდემიის დასრულებაზე ოფიციალურ განცხადებას მსოფლიო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელის. სპეციალისტების პროგნოზით, გადამწყვეტი ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, შემოდგომა გახდეს და ვირუსმა ენდემური და გრიპის მაგვარი სახე მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის გავრცელების მხრივ სტაბილურობა შეინიშნება და ამის გათვალისწინებით, რამდენიმე მკაცრი შეზღუდვაც მოიხსნა, კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სპეციალისტები მოსახლეობას მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მიიჩნევენ, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი ვაქცინაციაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის მტკიცებით, საქართველოში მორიგი კოვიდაფეთქება ივნის-ივლისშია მოსალოდნელი და ყველა ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

სტაბილური გაზაფხულის შემდეგ, საინტერესოა, როგორი ზაფხულია მოსალოდნელი. „პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძეს ესაუბრა.

„თუ ხართ აცრილი, მაღალი ალბათობით, თქვენთვის პანდემია უკვე დასრულდა“

„სხვა ქვეყნების გამოცდილებით ჩანს, რომ შესაძლოა, „ომიკრონის“ ქვე-ვარიანტის ერთ-ერთი შტამის გავრცელებამ, რომელიც სამხრეთ-აფრიკაშია, შემთხვევების მატება გამოიწვიოს. მაგრამ თუ უფრო საშიში თვისებების მქონე შტამი არ გაჩნდა, ეპიდ-აფეთქება ნაკლებად მოსალოდნელია. შესაძლოა, მაშინ, როდესაც „ომიკრონით“ გამოწვეული იმუნიტეტი შესუსტდება, შემთხვევებმაც მოიმატოს.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ პანდემია დასრულდა, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ დასრულდა მათთვის, ვინც არის ვაქცინირებული. მაგრამ მათთვის, რომლებიც არიან 50+ წლის და ქრონიკული დაავადებები აქვთ, კვლავ საშიშია, მით უმეტეს, თუ კორონავირუსის არც ერთი შტამი არ გადაუტანია და ამავდროულად, არც აცრილია. ასევე საშიშია ე.წ იოლ ფორმაში მიმდინარე ვირუსი, განსაკუთრებით, „ომიკრონის“ რომელიმე ქვე-ვარიანტი, რომელიც საკმაოდ გადამდებია.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც ვართ აცრილები, მათ შორის ბუსტერ დოზით, ჩვენთვის მინიმალურია ნებისმიერი მოსალოდნელი საფრთხე, ხოლო მათთვის, ვინც აცრილი არ არის, საფრთხე კვლავ რეალურია. თუ მოხდა ვირუსის შემთხვევების მატება და დაინფიცირდა ადამიანი, რომელსაც ვირუსი 6-7 თვით ადრე აქვს გადატანილი, შესუსტებული აქვს იმუნიტეტი, შესაძლოა, მსუბუქ ფორმებში არ გადაიტანოს დაავადება.

არსებული მონაცემებით, კორონავირუსი ენდემური დაავადების კატეგორიაში გადავიდა, როგორც სეზონური გრიპი ისე იქნება. თუ არ აიცრები, პრობლემა იქნება, მაგრამ ის, რომ საგანგებო, პანდემიური მდგომარეობა იქნება, რაც იყო აქამდე, როგორც ითქვა, ნაკლებად მოსალოდნელია.

თუ შემთხვევების მატება დაიწყო, იმ ადამიანებისთვის, ვინც აუცრელები არიან, პირბადის ტარება რეკომენდირებულია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველას დაბეჯითებით ვურჩევ, ვინც არის 50 წელს ზემოთ ასაკის, სამედიცინო მუშაკი და ვინც არის ქრონიკული დაავადების მქონე, აიცრას. მათ შორის ბუსტერ დოზით.“ - განაცხადა ზოიძემ.