რას (აღარ) ვყიდულობთ - როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებელთა ქცევა

პანდემია

კოვიდ პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის თავზე Forbes-ი მომხმარებელთა ქცევის ცვლილებას დააკვირდა. გამოცემა აღნიშნავს, რომ პანდემიამ მომხმარებელთა სურვილები და დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. 
 
Forbes-ის ცნობით, პანდემიამ ადამიანები ონლაინ ვაჭრობას მიაჩვია. შედეგად, კარანტინის დასრულების შემდეგაც, მომხმარებელთა ნაწილმა სურსათის შეძენა კვლავ ინტერნეტის საშუალებით გააგრძელა. 
 
ასევე, Forbes-ის დაკვირვებით,  ადამიანები ახლა უფრო მეტ დროსა და ფინანსებს ხარჯავენ თავის მოვლაზე,  გართობასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაზე. 
 
აღსანიშნავია ისიც, რომ  აშშ-ში პირველად ბოლო ათი წლის განმავლობაში  ტელევიზორის მაყურებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ადამიანები ახლა უფრო ხშირად კითხულობენ ახალ ამბებს. ასევე,  ცდილობენ უფრო მეტი თანხა მოახმარონ ჯანმრთელობაზე ზრუნვას,  ვიდრე ამას პანდემიამდე აკეთებდნენ.  Forbes-ის ინფორმაციით, მომხმარებლები ნაკლებ ფინანსებს ხარჯავენ ტანსაცმლის, კოსმეტიკისა და სხვადასხვა მოდური აქსესუარების ყიდვაში. 


 
იმის გასაგებად თუ როგორ შეიცვალა  პანდემიის შედეგად მომხმარებელთა ქცევა, 2021 წლის სექტემბერში IBM Institute for Business Value-მა ფართომასშტაბიანი კვლევა ჩაატარა, რომელშიც 19 000-მდე რესპონდენტი მონაწილეობდა. 
 
კვლევამ აჩვენა, რომ ბოლო ორ წელიწადში, ცხოვრების „გავირტუალურების“ შედეგად, მომხმარებლებისთვის  ონლაინ ვაჭრობა ყოველდღიურობის განუყრელ ნაწილად იქცა.  ადამიანებს გაუჩნდათ მოთხოვნილება რომ მომავალში უფრო მეტმა ბრენდმა შესთავაზოს პროდუქციის ონლაინ შეძენა. 
 
მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში რესტორნები, მაღაზიები და სხვა დაწესებულებები თითქმის სრულიად გახსნილია, კვლევა აჩვენებს - მომხმარებლები უპირატესობას მაინც მიტანის სერვისს ანიჭებენ. 
 
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ახლა  ბაზარზე ღირებულებებზე ორიენტირებული მომხმარებლები დომინირებენ.  ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კატეგორიაში შემავალი ადამიანები ბრენდს იმის მიხედვით ირჩევენ, რამდენადაა ის მათ ღირებულებებთან თანხვედრაში. მომხმარებელთა ეს სეგმენტი ახლა უმრავლესობას წარმოადგენს. ისინი ამბობენ, რომ მზად არიან, დამატებით გადაიხადონ ფული იმ პროდუქტებსა და სერვისებში, რომლებიც მათ ღირებულებებს ირეკლავს, ამასთან, ეს ადამიანები ცდილობენ ისე ივაჭრონ, რომ გარემოზე მიყენებული ზიანი შეამცირონ.


|რას აღარ ვყიდულობთ პანდემიის პერიოდში — მომხმარებლების პასუხი

გასული წლის ზაფხულში გამოცემა Guardian-მა მკითხველების პასუხები შეკრიბა კითხვაზე - რას აღარ ყიდულობენ ადამიანები პანდემიის დროს ან რა არის ის ნივთები, რის ყიდვასაც ნანობენ.
 
როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ადამიანი ახალ ტანსაცმელს აღარ ყიდულობს, რადგან პანდემიის პერიოდში ვინტაჟური სამოსის გამოყენებაზე გადავიდა, ეს კი გამოწვეულია კლიმატის ცვლილებაზე ფიქრით. 


 
„იმ შემთხვევაში, თუ აუცილებლად ახალი ნივთი მჭირდება, ვირჩევ ისეთ კომპანიებს, რომლებსაც კარგი რეპუტაცია აქვთ და მხოლოდ ორგანულ, მავნე ნივთიერებებისგან თავისუფალ პროდუქტს ყიდიან”, - ამბობს  ამანდა უექსფორდიდან. 


 
ქალაქ ჰალში მცხოვრები ბენ ჰანსონი კი ყავის სახლს აღარ სტუმრობს. ის მარცვლებს მაღაზიაში თავად ყიდულობს და ყავას სახლში იმზადებს.  ამ ნაბიჯით ბენი ცდილობს გარემოს დაცვაში თავისი წვლილი შეიტანოს.

 
 
„მსგავსი ნაბიჯით ვცდილობ ერთჯერადი ყავის ჭიქების გამოყენება შევამცირო“,- ამბობს ის. 


 
Guardian-ის მკითხველებმა ისიც განაცხადეს, რომ თმის შესაჭრელად სალონში აღარ დადიან, კოსმეტიკურ საშუალებებს აღარ ყიდულობენ და ამით ასობით ფუნტს ზოგავენ.  

 


 
რას ვიყიდით პანდემიის შემდეგ


Shopify-მ გასულ წელს ჩრდილოეთ ამერიკაში ჩაატარა გამოკითხვა  იმის გამოსაკვლევად თუ  რის შეძენას გეგმავენ ადამიანები პანდემიის დასრულების შემდეგ.

პასუხები ასე გადანაწილდა:

პირველ ადგილზე ბავშვის ტანსაცმელები და აქსესუარებია;

მეორეზე -  ვირტუალური გაკვეთილები და კურსები;

მესამეზე -სავარჯიშო აღჭურვილობა;

მეოთხეზე - საწმენდი პროდუქტები;

მეხუთეზე - თავის მოვლის საშუალებები; 

შემდეგი ხუთი ადგილი კი, შესაბამისად, პერსონალური ჰიგიენის პროდუქტებმა, სურსათმა, კომფორტულმა სპორტულმა ტანსაცმელმა, აქსესუარებმა და შინაური ცხოველების პროდუქტებმა დაიკავა.