რა რისკის ქვეშ არიან კოვიდგადატანილები - კვლევა

კორონავირუსი

გასულ წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, Covid-19-ისგან გამოჯანმრთელებულ პირებს ინფექციის განვითარებიდან ერთი წლის შემდეგ გულის უკმარისობისა და თრომბის წარმოქმნის რისკი ემუქრებათ. გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, ეს ეხება იმ პირებსაც, რომლებსაც დაავადება რთული ფორმით არ გადაუტანიათ.

დღესდღეობით მსოფლიოში გარდაცვალების ყველაზე გავრცელებულ მიზეზად გულის დაავადებები და ინსულტი სახელდება. კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულებს შორის მაღალია გულის დაავადებები.

”Covid-19–ის შედეგები ძალიან საყურადღებოა”,- განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, მისურის კლინიკური ეპიდემიოლოგიური ცენტრის დირექტორმა, ზიად ალ-ალიმ.

”მთავრობებმა და ჯანდაცვის სისტემებმა თვალი უნდა გაუსწორონ იმ რეალობას, რომ Covid-19 ხანგრძლივი დაავადების სახით ჩრდილად მოგვედო. მე შეშფოთებული ვარ, რომ ჩვენ ამას საკმარისად სერიოზულად არ ვეკიდებით “, - აღნიშნა მან.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ Covid-ის დამარცხებიდან პირველი 12 თვის განმავლობაში გულის შეტევის, ინსულტის ან გულ-სისხლძარღვთა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების რისკი მნიშვნელოვნად გაზრდილია.

მკვლევრებმა კოვიდგადატანილი 151 195 ადამიანის გულის დაავადებების რისკი შეადარეს მათ 3,6 მილიონზე მეტ თანატოლს, რომლებსაც ვირუსი არ შეხვედრიათ.

კვლევებით დადგინდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებსაც ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ, ინფექციის გადატანიდან ერთ წელში, გულის უკმარისობის განვითარების 39%-იანი რისკი ჰქონდათ, ხოლო სისხლის შედედების რისკი 2.2-ჯერ იყო გაზრდილი შედარებით მათთან, ვისაც კოვიდი არ გადაუტანია.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ იმ პაციენტებში, ვისაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, გულის გაჩერების რისკი 5,8-ჯერ იზრდება, ხოლო მიოკარდიტის ალბათობა თითქმის თოთხმეტჯერ არის მომატებული.

კვლევის ავტორები, კოვიდგადატანილებს ჯანმრთელობის პარამეტრების მუდმივი კონტროლისკენ მოუწოდებენ.