ივნისში ზეთი ისევ გაძვირდება? - რას ამბობენ იმპორტულ კომპანიაში

ზეთი

რუსეთმა დღეიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი გასული წლის სექტემბრიდან ამოქმედდა და პერიოდულად იზრდებოდა. ივნისში კი 1 ტონა მზესუმზირის ზეთზე ექსპორტის ბაჟი 152.8 დოლარით გაიზარდა.

საქართველოს ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ რუსეთიდან 3.9 მლნ დოლარის ღირებულების 2 504 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. (2021 წლის იანვარ-აპრილი - 16.8 მლნ დოლარი, 11 831 ტონა).

რამდენად აისახება რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გაზრდილი გადასახადი იმპორტირებული პროდუქტის ფასზე და რამდენით გაძვირდება დახლზე ზეთის ფასი - ამ კითხვებით ზეთის იმპორტიორ კომპანია „ალფას“ დირექტორს ირაკლი ციხისთავს BM.GE-მ მიმართა.

მისი თქმით, ივნისში ზეთის იმპორტის შემდეგ პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 10%-მდე გაძვირდება.

„საექსპორტო გადასახადის ზრდა, რა თქმა უნდა, დახლზე ზეთის ღირებულებას გაზრდის. ივნისში იმპორტირებული ზეთის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. დღეს 1 ლიტრი ზეთის ღირებულება 9 ლარია, საექსპორტო ფასის გავლენით ზეთის 1 ლარით გაძვირდება“, - ამბობს იმპორტიორი კომპანიის დირექტორი.

ცნობისთვის: კომპანია „ალფა“ მზესუმზირის ზეთის იმპორტს „ბარაქა“ ბრენდით ახორციელებს და თვეში 500-600 ტონა ზეთი შემოაქვს.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვინ და როგორ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში შესვლას - დეტალები

👉 ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ - UNIAN