კიბერ შეტევა პირველი არხის სერვერებზე - განადგურებულია მნიშვნელოვანი ფაილები

19:03 09-12-2019
103

საქართველოს პირველი არხის სერვერზე გარე ჩართვების შედეგად განხორციელდა კიბერშეტევა - ამის შესახებ ინფორმაციას ტელევიზია ავრცელებს. ტელეკომპანიამ ფაქტის შესახებ შსს-ს უკვე აცნობა.

კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა.

ამ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო. გამოძიება სსკ-ის 284 მუხლის პირველი ნაწილით და 286-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს. 

„მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ უწყებაში.