სვანი ქალის სულისშემძვრელი ამბავი, რომელმაც აფხაზეთის ომი გამოიარა

14:41 09-12-2019
409

ომში დაღუპულთა რაოდენობა მხოლოდ სტატისტიკაა, მაგრამ თითოეული მოკლულის უკან სულისშემძვრელი ამბავი დგას.

თამილა გასვიანი აფხაზეთის ომის ვეტერანია, 7 დედმამიშვილიდან მხოლოდ თვითონ გადარჩა და ისიც, ბედის წყალობით, მოკლულმა თანამებრძოლმა გადაარჩინა.

სვანი ქალის შესახებ ჟურნალისტი მარი ჯაფარიძე წერს. სტატია ჟურნალ „გზაში“ დაიბეჭდა.

- 7 დედმამიშვილი ვიყავით - 2 და და 5 ძმა. ერთი ძმა ადრევე დაგვეღუპა, მოჭიდავე გახლდათ და ტატამზე გაუსკდა­ გული. გუდაუთაში ვცხოვრობდი, მხოლოდ ერთი ძმა - ზურა ცხოვრობდა გაგრაში. ჰყავდა 2 შვილი, იმ დროს ბიჭები­ 16 და 14 წლისანი იყვნენ. 1992 წელს ომი რომ დაიწყო, ჩემმა ძმამ ძველი ნაწილებისგან თავისი ხელით ააწყო­ ბე-ემ-პე (ქვეითთა საბრძოლო მანქანა - ავტ.) და ქალები, ბავშვები და მოხუცები გადაჰყავდა უსაფრთხო ადგილას - ლესელიძემდე და მერე უკან ბრუნდებოდა, რომ სხვები წაეყვანა. ჩვენ შეგვატყობინა, საქმე გართულებულია, ხალხი გამყავს, თქვენც წადით და ჩემი შვილებიც გადაარჩინეთო. სხვებზე ზრუნავდა და თავისი ოჯახისთვის ვერ მოიცალა, ჩვენ მოგვანდო. რა მომათმენინებდა? წავედი ბავშვების წამოსაყვანად, მაგრამ ისეთი ვითარება იყო, ტყით უნდა მევლო. როგორც იქნა, წვალებ-წვალებით მივაღწიე. შევხვდი ზურას და შემძრა იქაურმა სიტუაციამ, აღარ მოვშორდი ძმას, ბავშვებს დედამისი მიხედავს-მეთქი, ვუთხარი და ჩავუჯექი ტანკში. სიტუაცია თანდათან გამწვავდა, აირია ყველაფერი, ვინ ვის ესროდა, ვეღარ გაიგებდი. 1992 წლის 3 სექტემბერს, ლესელიძიდან რომ ვბრუნდებოდით, რუსების ტანკი გადაგვეღობა და გვესროლეს, ტანკი დაგვიზიანეს. ჩვენმა ტანკმა მიმართულება დაკარგა, დაღმართზე დაგორდა და ხეს შეეჯახა იმ მხარეს, სადაც ჩემი ძმა იჯდა. როგორც მივხვდი, ჩემი მხარე განგებ აარიდა და თავი ჩაიგდო საფრთხეში. ბენზინის ბაკი დაზიანდა და საწვავმა სალონში იწყო დენა, ხოლო გაჩენილმა ნაპერწკალმა ცეცხლი შიგნით გააჩინა. ფაქტობრივად, დახურულ რკინის კოლოფში ვიწვებოდით. გახურდა ყველაფერი, კვამლი დადგა. ჩემი ძმა პერიოდულად გონს კარგავდა. ლიუკის ახდას ვცდილობდი, მაგრამ, როგორც ჩანს, შეჯახების გამო დეფორმირდა და ძალიან გამიჭირდა. ალბათ, ასეთ დროს ადამიანს ძალა გემატება და როგორც იქნა, ავხადე ლიუკი. ამოვძვერი და ჩემს ძმას დავეჯაჯგურე ამოსათრევად. ვეხვეწები, მიდი, ზურა, დამეხმარე, ამოდი, ბიჭო-მეთქი... ვხედავდი, რომ ცეცხლი ფეხებზე ეკიდა და ვჩქარობდი, მთლიან ტანზე არ მოსდებოდა. როგორც იქნა, მოვიკრიბე ძალა და ამოვწიე, თითქმის ამოვიყვანე და შევატყვე, რომ დამჩატდა. ბოლომდე რომ ამოვათრიე, ვნახე, რომ წელს ქვემოთ ჩამწყდარი იყო და ნახევარი კაცი ამოვიყვანე. ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, სუნთქავდა და მისი მზერა გულს მიგლეჯდა, მაგრამ მისი გადარჩენის შანსი აღარ იყო. გული გასკდომაზე მქონდა. ჯერ ვიფიქრე, დავმარხავ-მეთქი, მაგრამ არც ნიჩაბი მქონდა, არც რამე სხვა იარაღი, რითაც საფლავს გავუთხრიდი. მისი დატოვება გარეთ არ შეიძლებოდა, ვინმე იცნობდა, თავს მოაჭრიდა და ბურთს ითამაშებდა, მიცვალებულს შეურაცხყოფდა. ამიტომ ისევ ცეცხლმოკიდებულ ტანკში ჩაბრუნება გადავწყვიტე. როგორც იქნა, ისევ მივიყვანე ლიუკამდე. ჩავსვი ბოლომდე, ხელი რომ უნდა გამეშვა, ამომხედა და ნახევრად გონდაკარგულმა ამოილუღლუღა, შვილებს მიმიხედეო. თვალებზე ვაკოცე ჩემს ზურას და ჩავუშვი ტანკში...

გონარეულმა და გულგაგლეჯილმა დავტოვე იქაურობა. ჯერ სიკვდილია უბედურება და მერე ასეთი სიკვდილი, თან შენ რომ ხარ შემსწრე. მთელი ცხოვრების სატანჯველია ეს.

სოფელში ერთ ოჯახს ძალიან დიდი სახლი ჰქონდა და მთელი სოფელი იქ შევიყა­რეთ. ერთად ყოფნა უფრო გვაძლიერებდა, თუ დაგვხოცავდნენ, ერთად დაგვხოცავდნენ. იმათ იცოდნენ, რომ ჩემი ძმა იბრძოდა და ჩვენი ოჯახიდან სამ ძმას დაუწყეს ძებნა. ორი იპოვეს და ისე წაიყვანეს, წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შევძელით. შემდეგ პროცესებში ჩაერთვნენ ტელევიზიები, არასამთავრობოები, ელჩები და გადაწყდა ჩვენი გაყვანა. ავტობუსები მოიყვანეს და სოხუმში გადაგვიყვანეს. მაშინ შევარდნაძემ გამოაცხადა, სოხუმში ბუზიც ვერ შეფრინდებაო და შედარებით მშვიდად ვიყავით.

ამ დროს იქმნებოდა იმ მოხალისეთა­ ჯგუფები, რომლებიც სამშობლოს დასაცავად მზად იყვნენ. ჩემი ერთადერთი გადარჩენილი უმცროსი ძმა გაიპარა და მოხალისეებში ჩაეწერა. ისიც პიკეტზე დახვრიტეს. დავრჩით მე, ჩემი და, დედა და ჩემი შვილი, რომელიც მაშინ 2 წლის იყო. მალევე დაიწყო არეულობა სოხუმშიც. შევატყვე, რომ უკვე ცუდი სიტუაცია იყო, ხალხი ტოვებდა ქალაქს და დედას ვუთხარი, ჩვენც წავიდეთ-მეთქი. გემით წამოვედით ფოთამდე, იქიდან ავტობუსით, თბილისში. სასტუმრო ივერიაში შეგვასახლეს. ამ პერიოდში სულ დავეძებდი ჩემს რძალსა და ძმისშვილებს, ძლივს მივაგენი სოჭში და ისინიც თბილისში გადმოვიყვანე. ერთი თვე მაინც დამჭირდა, რომ ამ ტრაგედიების შემდეგ გონს მოვსულიყავი.
- ერთ დღესაც ჩემი უფროსი ძმის, ზურას 16 წლის შვილი აფხაზეთში გაიპარა. იმ პერიოდში თბილისელმა ბიჭმა, მერაბ ლორთქიფანიძემ გაგრის ბატალიონი ჩამოაყალიბა, მერე ბორის კაკუბავამ გადაიბარა ბატალიონის უფროსობა და ბოლოს მურთაზ ჭელიძემ. ჩემი ძმისშვილი სწორედ მათთან მივიდა. მაშინ სად იყო ასეთი­ კომუნიკაცია, გაჭირვებით ვიგებდი მის ამბებს და მოსვენება არ მქონდა. სულ ჩემი მომაკვდავი ძმის ბოლო სიტყვები ჩამესმოდა ყურში, შვილებს მიმიხედეო. ნერვიულო­ბის გამო უძილობამ გამაგიჟა, ჩემი ძმისშვილის გარდა, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. ერთ დღეს გადავწყვიტე, რომ მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი. ჩემი შვილი დას დავუტოვე, ჩაიბარე, მე თუ რამე მომივა, გზაზე დააყენე-მეთქი.

სამხედრო თვითმფრინავით ჩავფრინდი­ სოხუმში და ბატალიონის დისლოკაციის ადგილას მივედი. იქ სხვა მებრძოლი ქალებიც დამხვდნენ, უმეტესობა სვანი იყო. ყველას ერთი გაჭირვება გვქონდა გამოვლილი და ერთმანეთს ვამხნევებდით.

მინდოდა იმ ოცეულში მოხვედრა, სადაც ჩემი ძმისშვილი იყო, და პიკეტირებაზე მასთან ერთად წავსულიყავი, მაგრამ იმ ოცეულში არ ჩამსვეს. წესი ყოფილა, თურმე ნათესავი სადაც არის, იქ არ გაგიშვებენ, რადგან ბრძოლის დროს ადამიანი სისუსტეს ავლენს. თუმცა გვერდიგვერდ აღმოვჩნდით და ესეც ბედნიერება იყო.

მერე იარაღის სროლა მასწავლეს და ისე კარგად გამომდიოდა, ბატალიონის უფროსმა სნაიპერად ამიყვანა. სამწუხაროდ, ომში ადამიანი ყველაფერზე ხარ წამსვლელი. პირველი ეტაპი გუმისთაში გადავლახე, შემდეგ ტამიშში, ლაბრაში, ოჩამჩირეში... ბატალიონში მოხალისეები გვემატებოდნენ, მაგრამ უმეტესობა ბავშვი იყო, თბილისიდან გამოპარული. ბატალიონის უფროსმა მოგვამაგრა რამდენიმე და ეს ერთი ციდა ბიჭები პიკეტირებაზე უნდა წაგვეყვანა. ფაქტობრივად, ომში მიგვყავდა. გული მეწვოდა. მიუხედავად იმისა, რომ გაფრთხილებული იყვნენ, მოუკიდებდნენ სიგარეტს და სნაიპერი ტყვიას დააჭედებდა. ძალიან ხშირი იყო ასეთი შემთხვევა.

ბოლოს ჩემი უმცროსი ძმისშვილიც ჩამოვიდა, 14 წლისა იყო. მეთაური მისი პიკეტირებაზე წაყვანის უფლებას არ გვაძლევდა და შტაბში იყო ხოლმე.

ალყაში

- აჭანდარაში დესანტი გადმოსხეს, რომელმაც მე და კიდევ 45-50 კაცი ალყაში მოგვაქცია. რამდენიმე ბიჭი მოგვიკლეს. შუაგულში ერთი მუჭა მებრძოლები ვართ რუსების დესანტის ალყაში და მათ გარშემო კიდევ ჩვენები არიან, ანუ გარშემო ორი წრე გვაქვს, ჯერ რუსების და შემდეგ ჩვენების... ჩვენ ვესროდით დესანტს თუ გარეთ მდგომი ჩვენები ესროდნენ, იყო საშიშროება,­ რომ ერთმანეთი დაგვეხოცა. იმისთვის, რომ ერთმანეთი გვეცნო, რაციით გაიცა ბრძანება, რომ ჩვენებს ყველას ტანს ზემოთ გაგვეხადა. რას იზამდი? თუ გინდა, ცოცხალი დარჩე, უნდა გაიხადო, არ გაიხდი და მტრად მიგიჩნევენ და მოგკლავენ. ყველამ გავიხადეთ. ავტეხეთ სროლა, ჩვენები გარედან მოგვეხმარნენ და დესანტი გავანადგურეთ. თუმცა ჩვენც დაგვეხოცა ბიჭები. ერთი მებრძოლი ჩემი ძმის ძმაკაცი იყო და ჩემ გვერდით მოკლეს. იქ ვერ დავტოვებდი, ზურგზე მოვიკიდე, სხვებმა სხვა გარდაცვლილები და ხოხვით გამოვდიოდით. ამ დროს სნაიპერმა ამომიღო მიზანში და მესროლა. მიცვალებულის სხეულში გაიარა ტყვიამ და მეც დამჭრა, მაგრამ ძალიან მძიმედ არ დავშავებულვარ. ადგილზე აღმომიჩინეს დახმარება და ისევ ბრძოლაში ჩავები.

ეთერი

ჩემი და ძალიან დარდობდა ჩვენზე. დედაჩემიც გადარეული იყო, ყველანი ომში რომ ვიყავით. ალბათ, სვანური სისხლი თავისას შვრება და ჩემს დას, ეთერს უთხრა, რა გული გიძლებს, შენი და და ძმისშვილები ომში არიანო, და ისიც მაშინვე წამოვიდა. 6 თვე ჩვენ გვერდით იყო. თუმცა იარაღის ეშინოდა და მედდა გახდა.

უკვე ის პერიოდია, რომ სადაცაა სოხუმს აიღებენ. შტაბიდან ჩემი და თბილისში გაგზავნეს წამლების ჩამოსატანად. ალბათ, გახსოვთ, თბილისიდან მომავალი ორი სამხედრო თვითმფრინავიდან ერთს რომ ესროლეს. იმ თვითმფრინავის პილოტმა მეორეს შეატყობინა, დამჭრეს და შენ უკან გაბრუნდიო. პირველ თვითმფრინავში იყვნენ სამხედროები, რომლებსაც მოჰქონდათ ტყვია-წამალი და საკვები და იქ იყო ჩემი დაც. ისიც დაიღუპა, როგორც იმ თვითმფრინავში მსხდომი ბიჭები. ეთერს სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასლის სახელობის მესამე ხარისხის ორდენი მიანიჭეს, რომელიც მე გადმომცეს როგორც მის მემკვიდრეს.