პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებს 23 სექტემბერს გაესაუბრებიან

11:21 09-12-2019
20

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 23 სექტემბერს დაიწყება. ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს პარლამენტში იწყება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვას. საქართველოს პარლამენტს იუსტიციის საბჭოს მიერ უკვე გადმოიგზავნა 20 კანდიდატის შესახებ ინფორმაცია და თანდართული მასალები. მაქსიმალური გამჭვირვალობისთვის, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, სადაც ჩართულობა შევთავაზეთ საპარლამენტო ფრაქციებს, ასევე აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. სამუშაო ჯგუფში ჩართვა შევთავაზეთ სახალხო დამცველს და ადვოკატთა ასოციაციას, თუმცა ისინი ობიექტური მიზეზებით ამ ჯგუფის მუშაობაში ვერ ჩაერთვებიან.

ჯგუფს ინფორმაციის დასამუშავებლად მიეცა გონივრული ვადა, 10 დღეს, 23 სექტემბრიდან კი დავიწყებთ გასაუბრებებს მოსამართლეობის კანდიდატებთან“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში,  საზოგადოებას ახლაც ექნება შესაძლებლობა პირდაპირ ეთერში ადევნოს თვალი გასაუბრების პროცესს.