აზერბაიჯანელი აქტივისტის სამირა ბაირამოვას საჩივარი მარნეულის კულტურის ცენტრის წინააღმდეგ ომბუდსმენმა არ დააკმაყოფილა

18:18 09-11-2019
41

სახალხო დამცველმა აზერბაიჯანელი აქტივისტის სამირა ბაირამოვას საჩივარი მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ბაირამოვამ საჩივრით ომბუდსმენის აპარატს მიმდინარე წლის 1 თებერვალს მიმართა. აქტივისტი კულტურის ცენტრს რელიგიური ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებზე მიუთითებდა.

ასევე აღნიშნავდა, რომ „კულტურის ცენტრი“ მუსლიმი თემის არცერთ რელიგიურ დღესასწაულს არ უწევდა ორგანიზებას. ასევე განმარტავდა, რომ მარნეულის კულტურის ცენტრის თანამშრომლების და კულტურის ცენტრის დირექტორის მხრიდან სოციალური ქსელ „ფეისბუქში“ გამოთქმული იქნა სავარაუდო სიძულვილის ენის შემცვლელი, ქსენოფობიური შინაარსის კომენტარები.

სახალხო დამცველის დასკვნა კულტურის ცენტრმა დღეს გაასაჯაროვა სადაც ვკითხულობთ, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებითა და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ინფორმაცია, არ ადასტურებს „კულტურის ცენტრი“-ს მხრიდან რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტს, ასევე სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ კულტურის ცენტრის თანამშრომლების მიერ გაკეთებული კომენტარები, არ შეიძლება მიიჩნიონ დისკრიმინაციის წამახალისებლად, რის გამოც საქმეზე მოკვლევა შეწყდა. თავად საჩივრის ავტორს სახალხო დამცველის ოფისიდან წერილობითი პასუხი ჯერ არ მიუღია, სამირა ბაირამოვამ ომბუდსმენს სოციალური ქსელიდან მიმართა

„ახლაც მინდა ჩემი ოფიციალურ წერილზე ოფიციალური პასუხი, თქვენი ობიექტურობის მეტნაკლებად მჯერა და არ მინდა დავკარგო ის იმედი მაინც. ასევე კარგი იქნება კონფიდენციალურობის დაცვაც თქვენის მხრიდან!“, - წერს ბაირამოვა.

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი