რატომ უნდა „ვდურთოთ თავი“ ნატოში - რა მოსაზრება აქვს გოგი წულაიას

16:23 09-11-2019
332

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე - გოგი წულაია ნატოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას გვიზიარებს.

- ნატოს საკითხი კიდევ გაურკვეველია და კიდევ ოცნებებში ვართ, კითხვის ნიშნის ქვეშაა და ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. ჩვენი ჯარები ნატოს ეგიდით იბრძვიან და გულახდილად უნდა გვითხრან ყველაფერი. მე ვთვლი, რომ თუ ნატოს უნდა, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემითაც მიგვიღებს, რამეთუ, კვიპროსის პრობლემა ახლაც არსებობს მსოფლიოში. იგივე იყო გერმანიის შემთხვევაში, როცა ორად იყო გაყოფილი. თურმე, ჩვენთან დემოკრატია არ არის და იმიტომ არ გვიღებენ, მასე, პორტუგალიაც დიქტატორული იყო, ესპანეთიც, საბერძნეთს ოთხი პოლკოვნიკი მართავდა, როცა ნატოს წევრები რომ გახდნენ და თურქეთის დემოკრატია ახლა არ გაიშვას, მით უმეტეს, მაშინ. ეს მხოლოდ საბაბებია, რეალური მიზეზი კი უფრო დიდია, რომელსაც, რატომღაც, მალავენ, არ ამბობენ. კარგი იქნება, თუ ეს ყველაფერი დროზე ჩამოყალიბდება.

ჩვენც უნდა გავერკვეთ, რა გვინდა. თუკი ჩვენ ვთვლით, რომ ნატოში არშესვლით აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან ერთად, კიდევ სხვა ტერიტორიებსაც დავკარგავთ, მაშინ ნატოში ახლავე ვდურთოთ თავი! თუ ვთვლით, რომ სხვა ტერიტორიები არ დაიკარგება და იქ შესვლით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პერსპექტივა სამუდამოდ დაგვეკარგება, მაშინ, თავი შევიკავოთ. ეს მხოლოდ ერთი პოლიტიკოსის გადასაწყვეტი ნამდვილად არ არის, დისკუსიები, პოლემიკები, დებატები უნდა შედგეს.

- როგორ ფიქრობთ, ამდენ ხანს რეალურად რატომ ვერ გადაწყვიტეს, შეგვიშვან თუ არა ნატოში? რუსეთს ერიდებიან?

- რა თქმა უნდა, ღიად უნდა ითქვას, რომ ახლა, ნატოში ჩვენი არმიღების უდიდესი პრობლემა სწორედ რუსეთია. რუსის საწინააღმდეგოდ სჭირდები, მაგრამ იმდენად ვერ რისკავენ, რომ ფაქტი სახეზეა. დემოკრატია დაგიწუნეთო, ტყუილი მიზეზია, მეტი არაფერი.

ავტორი: თამთა დადეშელი