პროკურატურის პრეროგატივაა, რომ წერილის ანაბეჭდების საქმეზე გამოძიება ისევ განაახლოს - ხაზარძის ადვოკატი

15:56 09-11-2019
93

ანაბეჭდებზე პროკურატურის პრეროგატივაა, რომ საქმეზე გამოძიება ისევ განაახლოს - ამის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ეკატერინე ეგუტიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, იმ წერილზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მას გიორგი გახარიამ მისწერა, ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭედია და ეს ანაბეჭდები უნდა შედარდეს ბაზებში არსებულ თითის ანაბეჭდებს.

„პირველი და უმთავრესი ეტაპი არის დასრულებული, თითის ანაბეჭდები აღმოჩენილია. საკმაოდ რთული პროცედურა იყო. საქართველოში ვერ ხდება თვეების შემდეგ ფურცელზე თითის ანაბეჭდების აღმოჩენა, ლონდონის ექსპერტიზამ დაადასტურა და მკაფიოდ არის აღმოჩენილი ათეულობით ანაბეჭდი წერილის ორივე გვერდზე. ანაბეჭდები იმდენად მკაფიოდ არის, რომ შედარება არის შესაძლებელი საქართველოს ბაზაში არსებულ ანაბეჭდებთან, ანუ საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდებს უნდა შედარდეს. ახლა უკვე გენერალური პროკურატურის პრეროგატივაა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ისევ განაახლოს. იმედი გვაქვს, რომ საქმე წინ წაიწევს და შედარების მომენტი საქართველოში არსებულ ბაზებთან განხორციელდება. ლოგიკურად, უკვე არსებითი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, ერთი მოწმე ამბობს, რომ ემუქრებიან, მეორე ანაბეჭდები უმაღლესი დონის ლაბორატორიაში დავადგინეთ და აღმოვაჩინეთ და ახლა ამ ყველაფერს გადავცემთ პროკურატურას. ახლა მათი ვალდებულებაა განახორციელონ შედარება ბაზებთან“ - განაცხადა ეგუტიამ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებთან იმ წერილის ექსპერტიზაზე ისაუბრა, რომელიც, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას გახარიამ გაუგზავნა.

ადვოკატის თქმით, ინგლისში ჩატარდა ექსპერტიზა, ჩვენ მივიღეთ დისკი, რომელზეც ასახულია ექსპერტიზის შედეგები, აღმოჩნდა, რომ მასზე ათეულობით თითის ანაბეჭდია აღმოჩენილი.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის, 4 მარტს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის დროს, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მან შს მინისტრისგან, გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

ავტორი: მიხეილ ჯანგიშერაშვილი