მევენახეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ყურძნის ფასზე შეთანხმება ვერ შედგა

14:32 09-11-2019
79

გურჯაანელ მევენახეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ყურძნის ფასზე შეთანხმება ვერ შედგა.

თითქმის ერთსაათიან შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო ყურძნის ფასის რეგულირებაში ვერ ჩაერევა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას ინფორმაციით, კახეთის რეგიონში, 200-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი კომპანიია რეგისტრირებული, საიდანაც 50-ზე მეტი, ყურძნის გადამუშავის პროცესში უკვე ჩაერთო.

„დაახლოებით 7 ქარხანაა, რომელიც ყურძნის მიღებას ახორციელებს. ამიტომ, ამ თემაზე გაუგებარია მოსახლეობის პრეტენზიები. ჩვენი შტაბი 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს იმისათვის, რომ რთველის მიმდინარეობა მაქსიმალურად მობილიზებული იყოს და პროცესმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს“ - აღნიშნა მეხუზლამ.

შეგახსენებთ, დღეს, გურჯაანის სამი სოფლის მოსახლეობამ, ჩასაბარებელ ყურძენზე ფასის ზრდისა და ქარხნების დროულად გახსნის მოთხოვნით, აქცია გამართა.

ამ დროის მონაცემებით, რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ღირებულება 70 თეთრია, ხოლო საფერავის ჯიშის ყურძნის ფასი 2,50 ლარამდე მერყეობს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი