სოხუმში ალხას კვიცინიას მომხრეებმა ე.წ არჩევნების შედეგები გააპროტესტეს

11:52 09-11-2019
20

სოხუმში „ამცახარას“ პარტიის ოფისთან ალხას კვიცინიას მომხრეები შეიკრიბნენ. იქ მისული 200 - მდე ადამიანი ე.წ არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდა, წერს აფხაზური მედია.

„ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს და მხოლოდ სამართლებრივი გზით ვიმოქმედებთ, თუმცა, ეს ძალიან რთულია. ჩვენ არავის ვემუქრებით და ვითხოვთ, რომ სასამართლომ კანონიერად წარმართოს საქმე, ჩვენ მხარს ვუჭერთ სასამართლოს დამოუკიდებლობას“, - განაცხადა ე.წ. არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა.

მანამდე, „ამცახარამ“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის არ ცნობს საკუთარი ლიდერის ალხას კვიცინიას დამარცხებას, 8 სექტემბერს გამართულ ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებში“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 65,99% შეადგინა.

ალხას კვიცინია არ ეთანხმება „საარჩევნო კომისიის“ მიერ გამოცხადებულ შედეგებს და მათ გასაჩივრებას გეგმავს.

ავტორი: თეა შონია