სტალინის პირადი მაგი - რატომ შეფასდა ვოლფ მესინგის ტვინი მილიონ დოლარად

23:53 09-10-2019
253

120 წლის წინ, 10 სექტემბერს ცნობილი ტელეპატი ვოლფ მესინგი დაიბადა. მას შეეძლო ადამიანების აზრების ამოცნობა, პოულობდა დაკარგულ ნივთებს და წინასწარმეტყველებდა მომავალს.

ამბობენ, რომ სტალინთან, კრემლში ის საშვის გარეშე შედიოდა. მის შესახებ დაიწერა არაერთი კვლევა. ახლობლებმა კი მასზე მემუარები გამოსცეს.

ის 6 წლის იყო, როცა პირველად იწინასწარმეტყველა. მან მამას უთხრა, რომ ოჯახის მარჩენალი ძროხა დილით მოკვდებოდა. მამამ, რა თქმა უნდა, არ დაიჯერა, მაგრამ დილით ყველაფერი ახდა.

ახალგაზრდა მესინგს უამრავ საოცრებას მიაწერდნენ: 11 წლისა გოლიათს შეხვდა, რომელმაც მას ღვთის შვილი უწოდა; მოზარდობის დროს მოატყუა კონტროლიორი და ჯიბეში ბილეთის ნაცვლად გაზეთის ნაგლეჯი ჩაუდო, 20 წლისამ გრაფის სახლიდან დაკარგული ბრილიანტები ოჯახს აპოვნინა.

ექსცენტრიულმა ახალგაზრდამ პოლონურ ცირკშიც იმუშავა. სწორედ იქ დაინტერესდა ილუზიონისტობით და საესტრადო ტელეპატიით. თავის ავტობიოგრაფიაში ყვება, როგორ იმოგზაურა გერმანიაში, ავსტრიაში, ინგლისში, საფრანგეთში და ინდოეთში, სადაც მაჰათმა განდისაც შეხვდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს ის საბჭოთა კავსირში გაიქცა. ეს ის დროა, როცა ნაცისტები პოლონეთში შეიჭრნენ და ებრაელებს დაერივნენ.

მესინგმა ავტობიოგრაფიაში დაწერა, რომ მან იწინასწარმეტყველა ჰიტლერის სიკვდილი და ფაშისტური გერმანიის კრახი. ამის გამო ის ფიურერის პირად მტრად შერაცხეს.

ის ვერ იტანდა ნაცისტებს და მათ წინააღმდეგ ორი ჩქაროსნული საბრძოლო თვითმფრინავი შეიძინა ფრონტისთვის.

მან თავისი კონცერტებით მალე მიიპყრო საბჭოთა ხელისუფლების ყურადღება და მალე სტალინის კაბინეტშიც აღმოჩნდა. პირველსავე შეხვედრაზე გააფრთხილა სტალინი მოსალოდნელი ომის შესახებ.

ლავრენტი ბერიას წინასწარმეტყველი არ მოსწონდა მან მესინგს უთხრა, რომ თავის კაბინეტში სტალინი ელოდებოდა. მაგრამ, კრემლში შესასვლელი საშვი არ მიუცია. მესინგი ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევიდა სტალინის კაბინეტში და მაშინ სტალინმა უთხრა, რომ მას შეეძლო კონცერტების ჩატარება საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე და უფლება მისცა, რომ მასთან, ნებისმიერ დროს, როდესაც საჭიროდ ჩათვლიდა, მისულიყო. როგორც ამბობდნენ, ომის პერიოდში და მისი დასრულების შემდეგაც, სტალინი და მესინგი ერთმანეთს არაერთხელ შეხვედრილან.

1950 წლის იანვრის დასაწყისში ვოლფ მესინგი სტალინთან მივიდა და უთხრა, რომ მის შვილს საფრთხე ელოდა. იმ დღეებში, ვასილის მიერ შექმნილი ჰოკეის გუნდი მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად თვითმფრინავით უნდა გაფრენილიყო. სტალინმა ბრძანება გასცა, რომ მისი შვილი მატარებლით გაეშვათ. სტალინის ბრძანება შეასრულეს. ვასილი გადარჩა, ხოლო 11 სპორტსმენი, ექიმი და ეკიპაჟის წევრები 7 იანვარს მომხდარ ავიაკატასტროფას შეეწირნენ.

მესინგი 1974 წელს პნევმონიით გარდაიცვალა. ის ამას გრძნობდა და საავადმყოფოში წასვლამდე ყველას დაემშვიდობა.

ერთ-ერთი უცხოური ორგანიზაცია მესინგის ტვინში მილიონ დოლარს იხდიდა. მაგრამ გარიგება არ შედგა. ახლა ის მოსკოვის ტვინის ინსტიტუტში ინახება.