6 მილიონი დოლარი ანგარიშზე - რა ქონებით ტოვებს შალვა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს

19:34 09-10-2019
180

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. მან განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს მიმართა.

შალელაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, ვინც პარლამენტში სწორედ ბიზნესიდან მივიდა. იგი 2014-2015 წლებში შპს „სავინიონის“ დირექტორი იყო; 2009 – 2014 წლებში შპს „სანტრეას“, 2005 – 2009 წლებში „ტრანსსერვისის“ , 2002 – 2005 წელში შპს „ოპალლის“, 2000 – 2002 წლებში „დაგრეგოს“, 1995 – 1999 წლებში „ინტერის“, 1993 – 1995 წლებში კი მრავალდარგობრივი კომპანია „სოფას“ გენერალური დირექტორი.

რაც შეეხება მის ქონებასა და ფინანსურ მდგომარეობას:

2018 წლის 25 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შალელაშვილი ფლობს ისრაელში მდებარე 650 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 50%-იან წილს, 4 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; ასევე მის საკუთრებაშია 155 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა რუსეთში; 259.12 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში და დაბა კულაში მდებარე 600 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები MERCEDES S-500, NISSAN TEANA, MERCEDES GL-450, AUDI S8, ასევე Mercedes-Maybach S 560, რომელიც 2017 წელს 153 ათას ევროდ შეიძინა. მის საკუთრებაშია 3 მილიონ დოლარად შეძენილი 4 ფერწერული ტილო და 270 000 ევროდ შეძენილი 3 მაჯის საათი.

დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 6 257 285,61 დოლარი; 40 043,34 ევრო, 2 092,67 ლარი და 17 346,97 შეკელი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 10 000 დოლარი და 1 000 შვეიცარული ფრანკი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობისას 48 158 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება დეპუტატის ოჯახის წევრების საკუთრებას:

შოთა შალელაშვილის მეუღლე ფლობს ისრაელში მდებარე 650 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 50%-იან წილს; მიწის ნაკვეთებს ქობულეთში, რომელთა საერთო ფართი - 21 005 კვადრატული მეტრია; მის საკუთრებაშია ასევე ქობულეთში მდებარე - 4 428 კვადრატული მეტრი ფართობის, 8 739 კვ. მეტრისა და 221,9 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართები.

მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი FORD EXPLORER-ი; 120 000 ევროდ შეძენილი 3 ბეჭედი; 160 ათას ევროდ შეძენილი 2 საყურე; 3 სამაჯური, რომელიც 150 000 დოლარად აქვს შეძენილი; 250 ათას გირვანქა სტერლინგად ნაყიდი 2 ყელსაბამი და 120 000 ევროდ შეძენილი 3 საათი.

ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატის მეუღლეს ნაღდი ფულადი თანხის სახით 6 000 დოლარი ჰქონდა.