სუიციდის პრევენციის დღე - რა მდგომარეობაა საქართველოში

17:11 09-10-2019
148

მსოფლიოში ყოველ 40 წამში თვითმკვლელობა ხდება - ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ 800 ათასამდე ადამიანი იკლავს თავს. ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო, 2016 წლის მონაცემები, რომელიც სუიციდის პრევენციის დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ციფრები არ ეხება სუიციდის მცდელობებს, არამედ უკვე შესრულებულ თვითმკვლელობას.

თვითმკვლელობის ყველაზე მაღალი რაოდენობით გამოირჩა აფრიკული ქვეყნები გაიანა და ლესოტო, ხოლო რუსეთი თვითმკვლობების რიცხვით მსოფლიოში მესამეა. 

მსოფლიოში თითქმის ყველა ქვეყანაში თვითმკვლელობა უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში. გამონაკლისს მხოლოდ ხუთი ქვეყანა წარმოადგენს, სადაც უფრო მეტი ქალი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით, ვიდრე მამაკაცი. ესენია  - ბანგლადეში, ჩინეთი, ლესოტო, მაროკო და მიანმარი.

რა ხდება საქართველოში?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებში საქართველოც მოხვდა. მის მიხედვით, საქართველოში მამაკაცებს შორის 100 000 მოსახლეზე თვითმკვლელობის კოეფიციენტი 12.3-ია, რაც მსოფლიო მასშტაბით საშუალო ციფრია, ხოლო ქალების მაჩვენებელი 1,9 არის, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალი რაოდენობის კატეგორიაში გადის. 

2019 წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს ირკვევა, რომ ამ პერიოდში ქვეყნის მასშტაბით სუიციდის მცდელობის 426 შემთხვევა დაფიქსირდა, ამათგან თითქმის ნახევარი ტრაგიკულად დასრულდა. მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველი 6 თვით განმავლობაში 207 თვითმკვლელობა და 219 თვითმკვლელობის მცდელობა მოხდა, ამათგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (53) დედაქალაქში ფიქსირდება. 

სუიციდის განმხორციელებლები, როგორც მსოფლიო ჯანდაცვის მონაცემები მოწმობს, ისევ მამაკაცები არიან. 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შსს-ს მონაცემებით იმავე პერიოდში სუიციდის 436 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 202 ტრაგიკულად დასრულდა. 

როგორც ხედავთ, ერთი წლის განმავლობაში ციფრებში დიდი განსხვავება არ ფიქსირდება. 

საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ეკა ჭყონიას გაესაუბრა. მისი თქმით, სუიციდის და სუიციდის მცდელობების ერთობლივი დაანგარიშების დაწყების შემდეგ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ სუიციდის რაოდენობა იზრდება, თუმცა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სუიციდი როგორც დადგენილი ფაქტი და თვითმკვლელობის მცდელობა. 

„მონაცემები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ხდება სწორად შეფასება ყველაფრის. სუიციდი თვალსაჩინო არ არის. შეიძლება ზედმეტი დოზირებისგან გარდაიცვალა ადამიანი ან უბედური შემთხვევით და სინამდვილეში არ იყო  ეს სუიციდი. ამიტომ საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემთხვევებს ინდივიდუალური მუშაობა სჭირდება. 

სუიციდი არის არსებული ფაქტი, რომ ადამიანი გარდაიცვალა ზოგ ქვეყანაში შეიძლება შეიყვანონ შემთხვევებიც, სადაც ნამდვილად სუიციდია და შეიძლება შეიყვანონ საეჭვო შემთხვევებიც, მაგალითად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით, რაც განიხილება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველა ამ შემთხვევის დროს მე მაქვს სუიციდთან საქმე“, - ამბობს ფსიქიატრი.

არსებობს თუ არა კონკრეტული მიზეზი, რაც საქართველოში მომხდარ სუიციდის მიზეზებს აერთიანებს, სპეციალისტი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით კომპლექსური მუშაობა არ ჩატარებულა და შესაბამისი პრევენციაც ვერ მოხერხდებოდა.

„რატო არა ჯანდაცვაა, განათლება, სოციალის საკითხი, უსაფრთხოება. რომელი პრობლემაა მოგვარებული საქართველოში? არაფერი არ მაძლევს იმის საფუძველს, რომ ყველაფერი ეკონომიკურ სიდუხჭირეს დავუკავშირო, თუმცა ეკონომიკა პრობლემის კომპლექსს წარმოადგენს“, - მიიჩნევს ეკა ჭყონია.

პრობლემის გადაჭრის რა გზები არსებობს?

„პირველ რიგში უნდა გამოიყოს პასუხისმგებელი უწყებები და ერთობლივი მუშაობით პრობლემა ქვეყნის დონეზე გადაიჭრება. რაც შეეხება კერძო დონეს -  ჩვენ თუ ვხედავთ რომ ადამიანს უჭირს, დავუდგეთ გვერდში. არ დაიხიოთ უკან არ შეგეშინდეთ. არ გქონდეს განცდა, რომ ეს პრობლემა თქვენ არ უნდა გადაწყვიტოთ. მოკიდეთ ხელი დაუდეგით გვერდში, ხოლო ეროვნულ დონეზე ამ საკითხის ეროვნულ გეგმაში გაწერის შემდეგ, სუიციდის შემთხვევები კლებას დაიწყებს“, - განმარტავს  „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“  თავმჯდომარე.

მედიის როლი

მნიშვნელოვანია მედიის როლი სუიციდის საკითხებში. სხვადასხვა კვლევების თანახმად, სუიციდის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გავლენას ახდენს ტრაგედიის მასშტაბის გაზრდაზე. ამის გამო, მედიის ეთიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სუიციდის შემთხვევების გაშუქებაა. არსებობს რეგულაციები და წესები, რომლებითაც ხელმძღვანელობენ ჟურნალისტები, როდესაც საქმე თვითმკვლელობას ეხება.

„მედიას შეუძლია ძალიან უარყოფითი და ძალიან დადებითი როლის შესრულება. როდესაც ჟურნალისტი გამოდის და ამბობს, რომ ასე ჩაიდინა და ამ მიზეზის გამო, მაშინ როდესაც ჯერ არაფერი კონკრეტულად დადგენილი არ არის, არის სახიფათო.

„ამას სოცმოდელირება ეწოდება. მე შეიძლება მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა მქონდეს და რაღაც აზრები მომდიოდეს სუიციდზე, მაგრამ გადაწყვეტილებას არ ვიღებდე, მაგრამ როდესაც ამ დროს ღიად ამბობენ, თუ როგორ და რატომ ჩაიდინა ადამიანმა თვითმკვლელობა, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს იმ ადამიანზე, რომელიც უკვე ფიქრობს ამაზე.  თუ მედია გამოდის და პირიქით გამოსავალზე ორიენტაციას აკეთებს, რა შეიძლება მოგვარდეს,  ეს არის ძალიან დადებითი გაშუქება“, - აღნიშნავს   „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“  თავმჯდომარე.

პასუხისმგებელი უწყებები

სუიციდის პრევენციის სამოქმედო სტრატეგიის მიმართულებით გამოვლენილ უმოქმედობაზე სახალხო დამცველი თავის სპეციალურ ანგარიშებში ყოველწლიურად წერს.

2018 წელს ომბუდსმენის აცხადებდა, რომ არ შემუშავებულა სუიციდის პრევენციის ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც შესაძლებელს გახდიდა სუიციდის რისკ-ფაქტორების დროულ გამოვლენას და აღმოფხვრას.

სახალხო დამცველის თქმით, კიბერ ბულინგისა და ძალადობის შემთხვევების გამოვლენა განსაკუთრებულ პრობლემად რჩება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ სკოლებში ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ სკოლის პერსონალის ცნობიერების დონე დაბალია და ხშირად კიბერ ბულინგი ძალადობად არ აღიქმება.

საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები მოზარდებში სუიციდის პრევენციასთან დაკავშირებით:

სპეციალიზებული ცხელი ხაზის შექმნა, სადაც ბავშვებს შეეძლებათ მიიღონ მათთვის მეგობრული, კვალიფიციური სერვისი და შესაბამისი კონსულტაცია 24 საათიან რეჟიმში;

ინფორმაციის გავრცელება ბულინგის, კიბერ ბულინგის, სექსუალური შევიწროებისა თუ სხვა სახის ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ფორმებზე;

მასწავლებლების სოციალური მუშაკების გადამზადება და მათი ბავშვებთან მუშაობის უნარების დახვეწა;

ბავშვების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება; მხარდაჭერის გამოვლენა.

 

ავტორი: ანეტი მიქელაძე