სიხარული, ცრემლი... ყველაფერი იყო - რას ყვებიან 2019 წლის მასწავლებლის ჯილდოს ფინალისტები 

16:48 09-10-2019
74

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის ფინალისტების ვინაობა ცნობილია. 5 ოქტომბერს წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება.

არსებული ინფორმაციით, წელს ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული დაჯილდოების ცერემონია იქნება და ქართულ ფინალს გლობალური ჯილდოს ფინალისტებიც შეუერთდებიან.

ფინალში ყოფნის ემოციები, სწავლების მეთოდები და გეგმები, - ეს ის საკითხებია, რომლებზეც „პრაიმტაიმი“ ფინალისტებს ესაუბრა. 

მაია მენაბდე, ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის შპს „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ხუთეულში მოხვედრა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. განსაკუთრებით გამიხარდა ის, რომ ამ წარმატებას ძალიან ბევრი ადამიანი იზიარებდა. ეს მნიშვნელოვანია. ზოგადად, ყველაზე დიდი კომპენსაცია მასწავლებლის საქმიანობაში აღიარებაა. უპირველეს ყოვლისა, როდესაც მოსწავლეები სიყვარულს გამოხატავენ და მერე დანარჩენი საზოგადოება. ხუთეულში მოხვედრა ჩემთვის ერთგვარი შეფასებაა - ანუ რასაც ვაკეთებ, სწორი და ღირებულია.

ყოველთვის ვცდილობ, თანამედროვე გამოწვევებს ფეხი ავუწყო. ძალიან რთულია 21-ე საუკუნის ბავშვი დააინტერესო. გაკვეთილი მაინც „ჩარჩოებია“ და ეს ის თაობაა, რომელიც „ჩარჩოებს“ ვერ ეგუება. თანამედროვე განათლების ტენდეციაც ისაა, რომ სწავლების პროცესი მაქსიმალურად თავისუფალი იყოს ჩარჩოებისაგან. აუცილებელია, რომ მოსწავლეები სიახლეს ელოდებოდნენ მასწავლებლისგან ყოველდღიურად. ასევე ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას, რომ მე ვიყო, არა სწავლების პროცესის წარმმართველი, არამედ გეზის მიმცემი. პასუხისმგებლობა ნებისმიერი იდეის განხორციელებაში ბავშვებმა უნდა აიღონ. ეს მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ფილოლოგიურზე ისე ჩავაბარე, რომ მასწავლებლობა არ მინდოდა, მაგრამ შემდეგ სკოლაში აღმოვჩნდი. მალევე გავაცნობიერე, რომ არ შეიძლება პროფესიაში იყო და არ გიყვარდეს. როგორც კი ამას მივხვდი, ჩემში რაღაც შეიცვალა.

დღეს ვთვლი, ხელოვანი ადამიანების შემდეგ მასწავლებელი ყველაზე შემოქმედებითია და ეს ეხმარება მას ყოველდღიური რუტინის დაძლევაში. დიდ სიამოვნებას ვიღებ ბავშვებთან ურთიერთობით და ბედნიერი ვარ, რომ ზუსტად იქ აღმოვჩნდი, სადაც უნდა ვყოფილიყავი.

თამარ ადამია, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი

ჩემი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ მასწავლებლობით, ფსიქოლოგიური და პედაგოგიური გამოცდილება მეხმარება ადვილად დავინახო მოსწავლეთა საჭიროებები. ვქმნი ორიგინალურ გაკვეთილებს, პროექტებს. ჩემი ავტორობით ოცდაათზე მეტი შემეცნებითი და მხატვრული ლიტერატურა მაქვს გამოცემული სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის. ჩემი წიგნი ,,მხიარული დედაენა“ კი თვრამეტჯერ გამოიცა და ბესტსელერია. ჩემი წიგნები, ყოველწლიურად, მიუნხენისა და ბოლონიის ფესტივალებზეა წარმოდგენილი. პარალელურად, ვეწევი საზოგადო საქმიანობას, პოპულარიზაციას ვუწევ, როგორც მასწავლებლის პროფესიას. ვსტუმრობ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ბიბლიოთეკას, სკოლას და მედიასივრცეს მასწავლებლისა და საბავშვო მწერლის რანგში, სადაც ვსაუბრობ ბავშვებთან წიგნიერების დონის ამაღლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ვაცნობ ჩემს შემოქმედებას და ვატარებ სახელოვნებო მასტერკლასებს. წლებია ​ტრენინგებით ვეხმარები რეგიონის მასწავლებლებს ახალი გამოწვევების დაძლევაში.

მასწავლებლობა ყოველთვის მინდოდა. ეს არის ის, რაც ყველაზე კარგად გამომდის და რასაც მთელი ცხოვრება ვნატრობდი. 

ნათია კურტანიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი

პირველი ემოციების გადმოცემა ძალიან ძნელია. მოლოდინი იყო. ვფიქრობდი, რომ შანსები ათივე მონაწილეს ჰქონდა. ემოციებს სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. სიხარული, აღელვება, ცრემლი... ყველაფერი იყო.

საკუთარ სახლში „ცოდნის ცენტრი“ მაქვს, რომელიც ჩვენი პროფესიის პოპულიზაციისთვის ზრუნავს. ბავშვების არაფორმალურ გარემოში ყოფნაც მნიშვნელოვანია. საგაკვეთილო პროცესი პრაქტიკული სამუშაოებითაა დატვირთული. მნიშვნელოვანია ტექნოლოგიების გამოყენება. ისეთი რესურსების, რომელიც სასწავლო პროცესში დანერგილი არ არის, მაგრამ მე ვეძებ და პრაქტიკაში ვიყენებ. მაგალითად, ვნახეთ, პროექტი, რომლის მეშვეობითაც ჩემი ბავშვები ვირტუალურად კოსმოსში „აღმოჩნდნენ“. ეს ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ეს თემა, ჩემმა ბავშვებმა კონფერენციაზეც გაიტანეს. 

გიორგი ჭაუჭიძე, მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი

ათეულში მოხვედრაც წარმატება იყო. ფინალში გასვლა კი, ნამდვილად სასიამოვნოა. წარმატების სურვილიც მქონდა. ველოდებოდი და შეიძლებოდა ნებისმიერი ჩვენგანი ყოფილიყო. 

არაქართულენოვან სკოლაში, ვმუშაობ მარნეულში, დახლოებით 15 წელი ვარ. ერთგვარი სპეციფიკაა, არაქართულენოვანი განათლება. ჩემი ერთ-ერთი მზიანი, ამ კონკურსში მონაწილეობის, სწორედ, ეს არის, რომ ქართველ საზოგადოებას უფრო მეტი გვესაუბრა ამ საკითხებზე. ეს ჩვენი საუბარიც ერთ-ერთი შედეგია, როგორც ეთნიკური სომხებისთვის და უმცირესობისთვის საჭიროა, სხვა ქართულენოვან ნაწილთან მეტი ინტეგრაცია და ინფორმაცია. 

ორმხრივად თუ არ წარიმართა ეს პროცესი არ გამოვა, ისე ფორმირება საზოგადოების, როგორიც ჩვენ გვინდა. ჩემი გაკვეთილებიც საფეხურებია დიდ გზაზე. ეს კი, ერთგვარი პატარა საფეხურებია დიდ გზაზე. 

ქეთინო მერებაშვილი, სკოლა–ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი

არის საკითხები გეოგრაფიაში, რაც მხოლოდ გარეთ უნდა ნახო და ისწავლო. ჩვენც ხშირად დავდივართ გარეთ. ჩემი ძლიერი მხარე, სწორედ ესაა. კლასების მიხედვითაც  განაწილებული მაქვს. მეშვიდე - გასვლითი გაკვეთილები. მერვე - სამაგიდო და როლური თამაშები. მეცხრეში - პროექტები, იმიტომ, რომ რეგიონებს გავდივარ. დაწყებული ენგურის ხიდიდან, ვაშლოვნამდე დამთავრებული. ყველა რეგიონში ვასწრებთ მისვლას. გავცდით საზღვრებსაც. თემა გვქონდა - „საზღვრებს გარეთ დარჩენილი სამშობლო“. გავლენა ამანაც იქონია.  ტაო-კლარჯეთი მოვინახულეთ. სომხეთში - ლორე-ტაშირი. აზერბაიჯანში - ჰერეთი, საინგილო. სტუმრებიც მოვიწვიეთ საინგილოს დრამატული თეატრიდან. სკოლაში პრეზენტაციაც გავაკეთეთ. მას შემდეგ, რაც მათ ითამაშეს. შემდეგ ფერეიდნელ ქართველებს წიგნები გავუგზავნეთ. სტუმრადაც გვყავდნენ. სტუმრობა იქაც დავგეგმეთ. ყოველ წელს საზაფხულო ბანაკში ვმუშაობთ. „ეკო კლუბს“ ვავითარებთ. თუ არ მიხვდა ბავშვი, იმ საგანს, რაც სწავლობს ისე ვერ გამოიყენებს. ეს ყველაფერის ჯერჯერობით კარგად გამომდის. 

მე გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე. სკოლაში წასვლას არ ვაპირებდი, რადგან ჩვენ გეოგრაფები ვართ. უნდა წავსულიყავი სოხუმში სამუშაოდ. სკოლაში მაშინ ათი გაკვეთილი ჩავატარე, რა დროსაც ლექტორმა მითხრა, რომ სკოლაში უნდა წავსულიყავი. დღემდე მახსოვს ეს სიტყვები. რა თქმა უნდა, ეს არასდროს მინანია. 

შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებული ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 10 საუკეთესო მასწავლებელთა შორის მოხვდა.

ავტორი: თათია ცუკოშვილი