როგორ გამოიყურება განახლებული ვილნიუსის სკვერი მთაწმინდაზე (ფოტოები)

14:53 09-10-2019
15

მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე, ვილნიუსის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა. განახლებული სკვერი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა გახსნეს, რომლებმაც ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.width=960

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ლიეტუვის მთავრობას საქართველოს მხარდაჭერისთვის.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა მადლობა გადაუხადა თბილისის მერს მიღებისთვის და  ყველა იმ ადამიანს, ვინც პროექტზე იმუშავა.width=960

„სახელი ლიეტუვა, გარკვეულწილად, მოდის სიტყვიდან „წვიმა“ და წვიმა მოგიტანეთ, როგორც სიმბოლო, რადგან, ვფიქრობ, რომ სიმბოლოები მნიშვნელოვანია არამხოლოდ პოლიტიკაში, არამედ ზოგადად, ცხოვრებაში. არაფერი პირადული. მიიღეთ ეს, როგორც ჩვენი სიმბოლო. დიდი მადლობა ამ მშვენიერი პროექტისთვის. ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ არის მშვენიერი ადგილი ამ პარკში „სელფებისათვის“, სადაც შეუძლიათ მოვიდნენ ტურისტები, გადაიღონ „სელფები“ და დაინახონ ჩვენი მეგობრობა. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ვილნიუსში ძალიან ბევრი ასეთი ანგელოზი გვყავს, რომელიც იცავს ქალაქს, იცავს მის მოქალაქეებს და იმედი მაქვს, რომ ეს პატარა ანგელოზი, რომელიც აქ არის ჩამომჯდარი, დაიცავს თბილისის მოქალაქეებსაც.

ღმერთმა დალოცოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს ლიეტუვა და თქვენ, ყველანი!“, - განაცხადა მინისტრმა.

სიტყვით მიმართვების შემდეგ, წაიკითხეს ვილნიუსის მერის რემიგიუს შიმაშიუსის წერილი, რომელშიც მან ვილნიუსისა და თბილისის მეგობრობაზე ისაუბრა.

ვილნიუსის სკვერის პროექტი, რომლის ავტორი არქიტექტორი რიტის ციკანავიჩუსია, გასულ წელს თბილისს, ვილნიუსის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ლიეტუვურმა მხარემ საჩუქრად გადასცა. პროექტის სრული რეაბილიტაცია კი მთაწმინდის გამგეობამ განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 570 ათასი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „გრინსერვისმა“ შეასრულა.width=960

სკვერი ევროპული სტანდარტების შესაბამისად განახლდა, რომლის შიდა სივრცე ლიეტუვის კულტურულ სახეს ასახავს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკორატიულ შადრევანთან განთავსებული, ვილნიუსის სიმბოლოდ აღიარებული ანგელოზის ქანდაკება, რომელიც ლიეტუველმა ხელოვანმა ვაიდას რამოშკამ შექმნა და უსასყიდლოდ გადასცა თბილისს.

პროექტის ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე მთლიანად შენარჩუნდა მწვანე საფარი და გაშენდა ახალი ნარგავები, მათ შორის, ხვიარა მცენარეები დაირგო ლითონის პერგოლასთვის, რომელიც შადრევნის მიმდებარედ დამონტაჟდა.width=960

სრულად შეიცვალა და მხატვრული ეფექტით განახლდა განათების სისტემა, მოეწყო ადაპტირებული წყარო, კიბეები, პანდუსები და სავალი ნაწილი გრანიტის ფილებით მოპირკეთდა, დაიდგა თანამედროვე ტიპის ურნები და სკამები.width=960

სკვერში დამსვენებლებს საშუალება ექნებათ, უფასო ინტერნეტით ისარგებლონ, ხოლო სმარტფონებში QR კოდის დასკანირებით შეეძლებათ, ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული და კულტურული ღირშესანიშნაობების შესახებ სრული ინფორმაცია მიიღონ, დაათვალიერონ ფოტოები და ვიდეორგოლებს უყურონ.width=960

width=960ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, ქალაქ ვილნიუსის მერიის დელეგაცია, ლიეტუვის ელჩი საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასი, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, ასევე, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.width=960