Exclusive "ზამთარში კომუნალურები რომ მოიმატებს, ჩემი ხელფასი სად „გავიკეთო“? - ცნობილი მსახიობი მძიმე სოციალურ პრობლემებზე საუბრობს

19:01 09-09-2019
3902

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე აქტიურობით არასდროს გამოირჩეოდა. თვალში არავის ეჩხირება, ვერც სარეკლამო რგოლებში ნახავთ, ვერც შოუების წამყვანად... თავისთვის ჩუმად მუშაობს, პროფესიონალურად. ასე „ჩუმ-ჩუმად“ შექმნა თავისი შემოქმედება. არც პირადზე საქვეყნოდ საუბარი ჩვევია. სანთელს ვერავის დავაჭერინებო, ამბობს. ორი ცოლი ჰყავდა, ორი შვილის მამაა... არც უბოჰემობა იყო, არც - ჩაკეტილობის დეფიციტი. თუმცა ეს მისი არჩევანია. მსახიობი მაგიური არსებააო, ამბობს. ხატავს, ფოტოებს იღებს. ბოლოს დიტო ცინცაძემ გადაიღო ფილმში „ამოისუნთქე, ჩაისუნთქე.“

„დიტო ცინცაძე სანამ „შინდისს“ გადაიღებდა, მანამდე გადაიღო ფილმი „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“, სადაც მთავარ როლს ვასრულებ. ფილმმა შანხაის კინოფესტივალზე გრან პრი აიღო, მილიარდ ხუთასი მილიონიან ქვეყანაში. ეს არ არის დიდი ამბავი? მაგრამ არსად არაფერი თქმულა. ყველა ფილმში გარდასახვას ვაკეთებ, ესაა ჩემი პროფესია და სკოლა. მაგრამ ვინ გაფასებს?“ – „პრაიმტაიმთან“ გულახდილად საუბარი გადაწყვიტა.

მსახიობი სახელმწიფოს მიმართ დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამს, თავის ხელფასსაც კი გვისახელებს და გულისტკივილით ამატებს, ჩვენს ქვეყანაში ხელოვანების როგორი დაუფასებლობაა. 

გიორგი ნაკაშიძე: - ჩემი ხელფასი თუმანიშვილის თეატრში 635 ლარია. ჩემი - გიორგი ნაკაშიძის! მიხეილ თუმანიშვილის ხელში ვარ გაზრდილი, 16 წლიდან მსახიობი ვარ. მამა, ცოტნე ნაკაშიძე, კინომსახიობთა თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო და ორი წლის ვიყავი ამ თეატრში რომ მიმიყვანა. თუმანიშვილის მეთოდები სისხლსა და ხორცში მაქვს გამჯდარი. არ ვარ ბიზნესმენი ტიპი, რომელსაც თან შემოქმედება უნდა, თან ფულის კეთება. ფულთან საქმე არ მაქვს. მინდა ჩემი პროფესიით ვიღებდე შესაბამის ხელფასს. ზამთარში კომუნალურები რომ მოიმატებს, ბოდიში და ჩემი ხელფასი სად „გავიკეთო?“ გადასახადებს რომ გადავიხდი, ასი ლარით ჯიბეში, შარვალი რომ გამეხეს, რა გავაკეთო? არც გადაღებაა, არც არაფერი. ასეთი დაჩაგრულები ვყავართ მთავრობას კულტურის მოღვაწეები. დედა მუსიკის მასწავლებელია. ათწლედში მუშაობს, ალა ქუთათელაძე. ყველა იცნობს, მაგარი პედაგოგია. 200 ლარი აქვს ხელფასი. 100 ლარს წამლებისთვის გადადებს ხოლმე, 100 ლარით რა უნდა გააკეთოს დედამ?  ასეთი გულნატკენი ადამიანი ვარ. არა მხოლოდ მე, ბევრს ვერ გვაფასებენ. უამრავი არტისტია ამ მდგომარეობაში, მსახიობები მით უმეტეს. როგორ უნდა ვიფიქრო მეფე ლირზე და ჰამლეტზე, როცა ვიცი, სახლში გადაუხდელობის გამო შუქს გადამიჭრიან? ეს ციფრი დაწერეთ პირდაპირ, რომ ხალხმა იცოდეს, კარგი მსახიობები როგორ „ვუყვარვართ“ სახელმწიფოს. იქნებ სახელმწიფომ ყურები გამოიფხიკოს, რომ ჩვენ ხელწამოსაკრავი ხალხი არ ვართ. 

გიორგის ფილმოგრაფიაში 15 ფილმია, მათ შორის - „ზღვარზე“, „ოცნებების სასაფლაო“, „მედიატორი“, „თბილისური Love Story”, “ჯაყოს ხიზნები”, “ჩემი საბნის ნაკეცი“, „მანდარინები“. სერიალები - „მტვრის გემო“, „ქაღალდის ტყვია“ და „ჩემი ცოლის დაქალები“...

შესანიშნავია ნაკაშიძის თამაში როგორც „მანდარინებში“, ასევე „ჯაყოს ხიზნებში“. გიორგი ჯანელიძის ეს ეკრანიზაცია („ჯაყოს ხიზნების“) პირდაპირ გიორგის ჯაყოზე დგას. 

გიორგი ნაკაშიძე: - მაგ შეფასებაში გეთანხმებით... მაყურებელი ამ ფილმის ნახვისას ჯაყოს მხარესაა. არის გამოთქმა - სახით ცხვარი, საქმით მგელი. ეს ჯაყოა. გმირზე მუშაობისას მის ენერგეტიკას ვსწავლობ, ბიორიტმს და ტემპორიტმს ვსწავლობ. როლისთვის 20 კილოც კი მოვიმატე. 

მსახიობმა შექმნა თორმეტამდე სასცენო როლი... ფილმით „მანდარინები“ ნაკაშიძე ლოს ანჯელესში „ოსკარების“ დაჯილდოების ცერემონიალზე მოხვდა. ფილმი საუკეთესო უცხოური ფილმების ხუთეულში იყო. 

გიორგი ნაკაშიძე: - „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინატი რომ არის ფილმი, სადაც თამაშობ, ხელწამოსაკრავია? რომ მივდიოდით, ჯიბის ფულად მოგვცეს 600 ლარი!!! წარმოიდგინეთ! ლოს ანჯელესში წამსვლელებს! კერძო სექტორები არ ჩართეს, ფოკუს ჯგუფი არც გაუკეთებიათ.  ვუთხარი კიდეც, 600 ლარს როგორ გვაძლევ, ალ პაჩინო რომ გავიცნო, ყავაზე რომ მომინდეს ჩემი კუმირების დაპატიჟება, რა გავაკეთო-მეთქი? იქ ამის დიდი შანსი იყო. შონ პენის გვერდით აღმოვჩნდი და ედუარდ ნორტონთან ერთად ტუალეტის რიგში ვიდექი. რაც არ უნდა გააკეთო - ნული ხარ შენი ქვეყნისთვის! არც წინსვლაა ამ ქვეყანაში, არც ხელფასი გემატება... გინდა იყავი „ოსკარზე“ წარდგენილი, გინდა - არა, მაინც უკიდურეს გაჭირვებაში ვართ. ყველა მსახიობის სიტყვით გელაპარაკებით. რადგან არ ვყვირით, არ ნიშნავს, რომ არ გვიჭირს. არ ვართ იმის ღირსი, რასაც გვიკეთებენ. რამე ტელეშოუს წამყვანად გინახივართ? შემოთავაზება მქონია, მაგრამ რეკლამებზეც უარი მითქვამს და შოუებზეც. მსახიობი ფარული, მაგიური არსებაა. შენი სახე არ უნდა გაცვითო. 

- მიუხედავად იმისა, რომ ფინანსურად არ გილხინთ?

- მე მაინც უარს ვამბობ. არ მინდა ორი წლის მანძილზე დებილური შამპუნის თუ თმის ამოსაყვან ფირმას ვუკეთებდე რეკლამას. ჩვენ მსახიობები ცოტათი გიჟები, ძალიან მაგიური არსებები ვართ, რომელთაც არ სურთ, რომ ყოველ დღე ხედავდნენ ბაზარში და რიგებში. „ტუსოვკებზე“ არ დავდივარ. მესევიან მერე, მოდი, „სელფი“ გადავიღოთო. 

- ეს არ გსიამოვნებთ?

- თავისთვის გადაიღონ, მაგრამ „ფეისბუქზე“ დასადებად არ მომწონს. მაქსიმალურად შეფარული ადამიანი ვარ. არ მინდა საქმის გარეშე გამოჩენა, არც პირად ცხოვრებაზე ლაპარაკია ჩემი სტიქია. ვიღაცისთვის ეს პოპულარობის პიკია! 

ქავერზე გამოყენებულია LigStudio-ს ფოტო

ავტორი: თამარ გონგაძე