„იქნებ როგორმე მივიტანო სული იქამდე“ - ლალი ბადურაშვილი ერეკლეს ფილმის პრემიერას ელოდება

14:56 09-09-2019
961

ერეკლე ბადურაშვილის ქართულ-თურქული კო-პროდუქციის მონტაჟი სულ მალე დაიწყება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ რეჟისორის დედამ, ლალი ბადურაშვილმა უამბო. „ხიდს“ ფილმის პროდიუსერი, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე დაამონტაჟებს. 

ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ფილმის გადაღება სწორედ თავართქილაძემ დაასრულა. ფილმში თამაშობენ - ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, სალომე გოგიაშვილი, ზურაბ ცინცქილაძე. ასევე თურქი მსახიობები. 

გიორგი თავარქილაძის ფილმი „ცუდი ხალხი“ ბევრ ფესტივალზე გადის, - პრიზებიც აიღო. 

„ფილმის საათ-ნახევარი დამონტაჟებულია. ის ესთეტიკა, რაც ერეკლეს ჰქონდა, სურათში უნდა შევინარჩუნოთ, და ამიტომ ყველაფერს კარგად უნდა გადავხედოთ. „ხიდი“ ღირსეულად უნდა დავასრულოთ - ამას ნამდვილად გპირდებით. განსაკუთრებულად ემოციური იქნება მისი პრემიერა- აცხადებს ხათუნა ხუნდაძე, „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი. 

„ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი ქალბატონი ლალისთვის არის ეს ფილმი და მისი დამთავრება. ისეთი განცდა აქვს, რომ ამ ნამუშევრით და ამ ფილმით უნდა გაგრძელდეს მისი შვილის ცხოვრება და ჩვენთვისაც ეს არის მთავარი” - აცხადებს რეჟისორი გიორგი თავართქილაძე. 

ლალი ბადურაშვილი: - ხვალ, ზეგ დასხდებიან სამონტაჟოში და ალბათ, მინიმუმ, ერთი თვე დასჭირდებათ. მერე გახმოვანება და თარგმანი წაიღებს დროს. ფილმში ინგლისური დიალოგიც არის. გადამღები ჯგუფი სულ მირეკავს, მეხმიანება. ერეკლეს მხატვართან ერთად კადრები დალაგებული ჰქონდა, ე.წ. „რასკადროვკები“ აქვს გაკეთებული. რაც გადაღებული იყო, დამონტაჟებულიც ჰქონდა. 

- ფილმში ხომ არ გაქვთ როლი?

- ეს გურჯების მოტანილი სცენარია. გურჯები ქართველობაზე თავს იკლავენ. თურქეთის ელჩმა ერეკლეს თხოვა, თურქეთში თურქები გადაიღეთ, ოღონდ თანამედროვე და არა - თავსაფრიანიო. მანამდე ერეკლეს პატარა ეპიზოდში ვყავდი გადაღებული, ორი ფრაზა მქონდა, მაგრამ ამომჭრა ფილმიდან, არაფერი თურქის შენ არ გაქვს, ნამდვილი ქართველი ხარო. 

- მოკლედ, ფილმს ელოდებით.

- ძალიან ველოდები, იქნებ როგორმე მივიტანო სული იქამდე.

ავტორი: თამარ გონგაძე