რა მიზნით ესტუმრა საქართველოს ჯონ მაკკეინის ქვრივი

14:48 09-09-2019
711

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინის მეუღლე სინდი მაკკეინი სიტყვით გამოვიდა. 

მისი თქმით, საქართველო იმ ქვეყნების მოწინავე რიგებშია, რომლებიც „სამეზობლოში რუსეთის დომინირების წინააღმდეგ იბრძვიან“.

„საქართველო იმ ქვეყნების მოწინავე რიგებშია, რომლებიც სამეზობლოში რუსეთის დომინირების წინააღმდეგ იბრძვიან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მოსკოვის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას. ჯონ მაკკეინი არაერთხელ იმყოფებიდა საქართველოში და მოინახულა საოკუპაციო ხაზი, შეხვდა ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს. მაკკეინმა არაერთხელ გამოხატა საქართველოსადმი სიყვარული და აღტაცება, ის აღტაცებული იყო ქართველების დამოუკიდებლობისადმი სულისკვეთებით და თავისუფლების სიყვარულით“, - განაცხადა სინდი მაკკეინმა.

როგორც ჯონ მაკკეინის ქვირვი აცხადებს, მისი მეუღლე იყო საქართველოს უფლებების საუკეთესო დამცველი აშშ-სა და დასავლეთში.

„ჯონმა იცოდა, რომ ის სამყარო, სადაც შედარებით მცირე სახელმწიფოები დემოკრატიულები, დამოუკიდებლები და დაცულები არიან დიდი მეზობლების აგრესიისგან, ყველა დემოკრატიისთვის უფრო უსაფრთხოა. მან საკუთარი ცხოვრება ასეთი სამყაროს მშენებლობას მიუძღვნა. ბევრი საქართველოს პატარა და დიდ სახელმწიფოებისთვის უმნიშვნელოდ მიიჩნევს, მაგრამ ისტორია ყველაზე ხშირად ყველაზე დაშორებულ და უცნობ ადგილებში იწერება. ჯონ მაკკეინი საქართველოს გვერდით იდგა, როდესაც ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის იბრძოდა. ჯონის სული ახლაც თქენთანაა, როდესაც საქართველო ბრძოლას განაგრძობს. ის რომ აქ ყოფილიყო, აუცილებლად მოუწოდებდა ქართველებს ერთად დგომისკენ, რათა თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და ეროვნული უსაფრთხოება დაცული იყოს. რაც არ უნდა განსხვავებული შეხედულებები გქონდეთ, საქართველოს დამოუკიდებლობის და დემოკრატიის დაცვა უნდა იყოს თქვენი საერთო და მთავრი მისწრაფება“, – განაცხადა სინდი მაკკეინმა.