საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 54%-ით შემცირდა

11:40 09-09-2019
12

საქსტატმა უცხოური ინვესტიციების ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოში უცხოური ინვესტიციები 53,7% - ით შემცირდა.

წინასწარი მონაცემებით, ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის II კვარტალში $187 მილიონი შეადგინა. 

საქსტატის ინფორმაციით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.

2019 წლის საანგარიშო პერიოდში უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ ადგილზეა ნიდერლანდი - 31.1% - ით, მეორე ადგილზე თურქეთი - 19.2% - ით, ხოლო მესამეზე აშშ - 14.7% - ით. 

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2019 წლის II კვარტალში 69.6 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და 63.7 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.0 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 38.4 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - სასტუმროების და რესტორნების სექტორი 28.1 მლნ. აშშ დოლარით.