როგორ გაშიფრა მიულერმა ნამდვილი „შტირლიცი“ - ცნობილი ისტორიის უცნობი დეტალები

00:17 09-09-2019
13042

შტირლიცის პროტოტიპი ვილი ლემანი საბჭოთა კავშირს ნამდვილად აწვდიდა ზესაიდუმლო ინფორმაციებს დასამუშავებლად, მფარველობდა საბჭოეთის აგენტებს. მან ზუსტად განსაზღვრა დრო (საათებში), როდის დაესხმებოდა გერმანია თავს საბჭოთა კავშირს.

მისი თანამშრომლობა კომუნისტური იმპერიის დაზვერვასთან 1929 წლის 7 სექტემბერს დაიწყო, ის იმ დრის გერმანიის პოლიტიკური კანცელარიის ხელმძღვანელი იყო. ეს თანამშრომლობა 13 წელს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ის გესტაპოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი  და ამავდროულად, ყველაზე ფასეული საბჭოთა აგენტი გახდა გერმანიაში. სწორედ მისი ისტორია გახდა იულიან სიმიონოვისთვის შთაგონება, რომ შეექმნა შტირლიცის სახე თავის ცნობილ ფილმში.

თანამშრომლობის დასაწყისი

ვილი ლემანმა კარიერა გერმანიის ფლოტში დაიწყო. რუსეთ-იაპონიის ომის დროს, ის გერმანულ გემზე მსახურობდა და კრეისერ „ვარიაგის“ უთანასწორო ბრძოლას შეესწრო. სწორედ მაშინ გაუჩნდა მას სიმპათია საბჭოეთის მიმართ.

ფლოტში სამსახურის დასრულების შემდეგ, ის პოლიციაში გადავიდა - ჯერ სისხლის სამართლის, შემდეგ კი პოლიტიკური მიმართულებით. საბჭოთა დაზვერვას ის მეგობრის საშუალებით დაუკავშირდა. მისი მეგობარი პოლიციიდან დისციპლინური დარღვევების გამო გააგდეს. დასაწყისში, საბჭოთა დაზვერვას ლემანი ინფორმაციებს სწორედ ამ კაცის საშუალებით გადასცემდა, მოგვიანებით კი მეკავშირეებთან პირდაპირ კონტაქტზე გავიდა. დოკუმენტებში მისი სახელი იყო აგენტი ბრაიტენბახი.

ის არ იყო იდეური კომუნისტი, მაგრამ ძალიან არ მოსწონდა ის, რაც გერმანიის პოლიტიკაში გასული საუკუნის 20-30-იან წლებში ხდებოდა.

მისი განყოფილება, რომელსაც ის პოლიტიკურ პოლიციაში ხელმძღვანელობდა, სწორედ საბჭოეთის წარმომადგენლების თვალთვალით იყო დაკავებული და მათზე ინფორმაციაც მის ხელში გადიოდა. ამდენად, ლემანი გასცემდა ყველა ინფორმაციას იმ ადამიანებზე, ვინც დამუშავებაში ხვდებოდნენ.

1933 წელს, ის გესტაფოში კონტრდაზვერვის განყოფილებაში გადაიყვანეს. მალე ნაცისტური პარტიის წევრიც გახდა.

დეიჩის გადარჩენა

არნოლდ დეიჩი ომამდე ერთ-ერთი ცნობილი საბჭოთა აგენტი იყო. სწორედ მან, 30-იანი წლების ბოლოს მოახერხა ინგლისში კემბრიჯის ცნობილი ხუთეულის გადაბირება. თუმცა, ამას ის ვერ მოახერხებდა, რომ არა ლემანი.

1934 წელს დეიჩი, რომელიც გერმანიაში დამწყები საბჭოთა არალეგალი იყო, გესტაპოს ყურადღების ცენტრში მოექცა. მის დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე, ლემანმა მისი მეკავშირის გაფრთხილება მოახერხა, მან კი თავის მხრივ, ამბავი დეიჩამდე მიიტანა. მან, რა თქმა უნდა, მაშინვე დატოვა ქვეყანა და ციხეს გადაურჩა. ამის შემდეგ დეიჩმა ბრიტანეთში გადაინაცვლა. 

რაკეტები და სხვა საიდუმლოება

მას შემდეგ, რაც ნაცისტები ლემანის სანდოობაში დარწმუნდნენ, ის უფრო სერიოზულ მიმართულებაზე გადაიყვანეს. ამჯერად მან მუშაობა დაიწყო განყოფილებაში, რომელიც თავდაცვით მრეწველობას კურირებდა.

ეს იყო ყველაზე გასაიდუმლოებული მიმართულება მესამე რეიხში. ეს დიდი წარმატება იყო საბჭოთა დაზვერვისთვის და სწორედ ამ გზით შეიტყვეს გერმანიის სარაკეტო პროგრამის და ვერნერ ფონ ბრაუნის რაკეტის ექსპერიმენტის შესახებ. ამ გზით მოსკოვმა 30-იანი წლების ბოლოს შეიტყო, რომ გერმანიამ წყალქვეშა ფლოტი შექმნა. ლემანი მათ გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ახალი ქარხნების მშენებლობის შესახებ, რომლებშიც ქიმიური იარაღის შექმნა იგეგმებოდა. ყოველი ახალი წამოწყება მოსკოვისთვის ერთ კვირაში უკვე ცნობილი იყო.

ამას გარდა, ლემანი გადასცემდა თავისი უფროსების შესახებ ინფორმაციასაც. მან საბჭოთა დაზვერვას ურჩია, რომ ყურადღება მიექციათ იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილი ჰეიდრიხისთვის, რომელიც მოგვიანებით ნაცისტების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა.

ლემანს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. მას დიაბეტი და თირკმელები აწუხებდა. ამიტომაც მოსკოვში გადაწყვიტეს მისთვის საკმაოდ ძვირი ოპერაცია დაეფინანსებინათ. ფულის გადაცემა მოხდა იპოდრომზე ცხენების რბოლის დროს, როცა მას თანხა გადასცეს თითქოს მან დადებული ფსონით მოიგო.

ბერლინში საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტის, ალექსანდრე აგაიანცის გარდაცვალებამ, რომელიც ლემანის მეკავშირე იყო, ის რთულ მდგომარეობაში ჩააგდო. ახალი მეკავშირე გერმანიაში არ გაუგზავნიათ.

ამავდროულად, გერმანელები მთელ ევროპას მოედნენ, დაიპყრეს დანია, ნორვეგია, საფრანგეთი, პოლონეთის ნაწილი. ლემანი რისკზე წავიდა და თავად გავიდა კონტაქტზე საბჭოთა კავშირის საელჩოს დახმარებით. წერილში ის მასთან კავშირის აღდგენას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის გესტაპოდან წავიდოდა, სადაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეკავა.

გერმანია საბჭოეთს თავს 22 ივნისს დაესმება

1940 წლის შემოდგომაზე ბრაიტენბახთან კავშირი აღდგა. ამ დროისთვის გერმანიაში ბევრი რამ იყო შეცვლილი. ჰეიდრიხიც უკვე ყველა სპეცსამსახურის შეფი იყო. მეოთხე სამმართველოს (ყოფილი გესტაპო) ჰენრიხ მიულერი ხელმძღვანელობდა.

ამ მდგომარეობის გათვალისწინებით, ლავრენტი ბერიამ ლემანისთვის სპეციალური დავალებების გაცემა აკრძალა. აგენტს თავად უნდა მოეხერხებინა ინფორმაციის მიწოდება, როცა მისთვის იქნებოდა ეს მოსახერხებელი.

1941 წლის დასაწყისიდანვე ლემანისგან მიღებული ინფორმაციები უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდებოდა. საკადრო კადაადგილებები, დაზვერვის გაძლიერება, აღმოსავლეთით ძალების გადასროლა - ეს ყველაფერი ომისთვის მზადებაზე მიანიშნებდა.

19 ივნისს ლემანი ბერლინში საბჭოთა მეკავშირეს შეხვდა და აცნობა, რომ 22 ივნისის ღამით, გერმანიის ჯარი საბჭოთა კავშირის საზღვარს გადაკვეთდა. ეს იყო მისი ბოლო შეხვედრა მეკავშირესთან. ომის დაწყებისთანავე საბჭოეთის ყველა მოქალაქემ გერმანიის ტერიტორია დატოვა.

გარდაცვალება

ლიტერატურულმა შტირლიცმა ომი მშვიდობით გადაიტანა, თუმცა ასე არ მომხდარა მისი პროტოტიპის შემთხვევაში. ის 1942 წელს გაშიფრეს.

ეს ის დროა, როცა მოსკოვმა ლემანთან კავშირის აღდგენა სცადა. ამისათვის ორი გერმანელი კომუნისტი, სამხედრო ფორმებით, გერმანული არმიის ზურგში გადასხეს. ისინი რადიოსადგურებით იყვნენ აღჭურვილები. მათი ამოცანა იყო, ბერლინამდე ჩაეღწიათ.

თუმცა, იმავე წლის შემოდგომაზე ისინი გესტაპომ გაშიფრა და გადაიბირა. მიულერისთვის ცნობილი გახდა, რომ გესტაპოში აგენტი ჰყავდა, მაგრამ მან გადაწყვიტა ყველაფერი ისე მოეგვარებინა, რომ ამბავს ჰიტლერის ყურამდე არ მიეღწია. 

გადაბირებულმა რადისტებმა მოსკოვიდან საბჭოთა აგენტების კონტაქტები მიიღეს. მათ ლემანს შეხვედრა დაუნიშნეს. ის ამ შეხვედრაზე მივიდა, მაგრამ მეკავშირე არ დახვედრია. მას ამ დროს გესტაპოელები უთვალთვალებდნენ.

რამდენიმე დღის შემდეგ ლემანი სამსახურში წავიდა, მაგრამ იქიდან აღარ დაბრუნებულა. ის საიდუმლოდ დააპატიმრეს და პლიოტცენზეს ციხეში გაამწესეს. ვარაუდობენ, რომ ის 1942 წლის დეკემბერში სიკვდილით დასაჯეს. ლემანის ცოლს კი შეატყობინეს, რომ მან თავი ფიურერისთვის გადადო.

ბრეჟნევის ეპოქაში საბჭოთა აგენტები წითელი დროშის ორდენზე წარადგინეს. ლემანის კანდიდატურას გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა პროტესტით შეხვდა.

წყარო: Life