საქართველო-დანიის ნაკრებებს შორის მატჩის გამო, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

16:03 09-08-2019
26

„დინამო არენაზე საქართველო-დანიის ნაკრებებს შორის დღეს გასამართ მატჩთან დაკავშირებით, გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 08 სექტემბერს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე - დინამო არენა საქართველო-დანიას ნაკრებებს შორის გასამართ მატჩთან დაკავშირებით 19:00 საათიდან მატჩის დასრულებამდე მთლიანად დაიკეტება სტადიონის მიმდებარე ქუჩები, კერძოდ: გიორგი ცაბაძის და დავით ყიფიანის ქუჩები, ხოლო წინამძღვრიშვილის ქუჩა - ნაწილობრივ.

მარცხენა სანაპიროდან ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება ცაბაძის ქუჩაზე, შესაბამისად ისინი მოძრაობას გააგრძელებენ პირდაპირ - ვახუშტის ხიდის მიმართულებით.

აკაკის წერეთლის გამზირიდან სტადიონისკენ მოძრავი ავტომანქანები ქუთაისის ქუჩით ისარგებლებენ, საიდანაც მოძრაობის გაგრძელებას შეძლებენ როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა სანაპიროზე.

ხოლო ვახუშტის ხიდიდან გადმომსვლელი ავტომანქანები იმოძრავებენ მხოლოდ დიდუბის მეტროს მიმართულებით.

ყველა აღნიშნულ ქუჩაზე ავტომანქანების გადაადგილებას საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაარეგულირებენ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.