სეტყვამ და ძლიერმა ქარმა კახეთში, რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა

21:48 09-07-2019
302

ძლიერი წვიმის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში სოფლის შიდა გზები დაზიანდა.

სიღნაღის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, გზებზე გადაადგილება გაძნელებულია.

მუნიციპალიტეტის სკუთრებაში არასებული ტექნიკა უკვე მუშაობს, იმისათვის, რომ გზებზე გადაადგილების პრობლემა აღმოიფხვრას- განაცხადა ბატიაშვილმა.

ძლიერ წვიმას კახეთში სეტყვაც მოჰყვა. დასეტყვილია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაგა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ველისციხე.

ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე ქუჩაზე დაიტბორა ლაგოდეხშიც. დაზიანებულია კომერციული ობიექტები და საცხოვრებელი სახლები. თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

წვიმამ დააზარალა გურჯაანის მუნიციპალიტეტიც. სამ სოფელში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაცით, ახაშენში, მუკუზანსა და ვაზისუბანში სანიაღვრე არხებმა ჭარბი ნალექის გატარება ვეღარ შეძლო.

ზარალის შესახებ ხვალ დილით გახდება ცნობილი. შესაბამისი კომისია უკვე მუშაობს, დაზარალებულ მოსახლეობას მუნიციპალიტეტის მერია დაეხმარება- განაცხადა ხანდამაშვილმა.

მუნიციპალიტეტისათვის მიყენებული ზიანის ზუსტ ოდენობას, შესაბამისი კომისია დაადგენს.

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი