მიზანი არის „მთავარი არხი“ და ეს მიზანი ვერ იქნება დაზიანებული - ნიკა გვარამიამ პროკურატურა დატოვა

18:57 09-06-2019
122

„დამატებულია ბრიფინგზე არგაჟღერებული 194-ე მუხლი, რაც ფულის გათეთრებას გულისხმობს. ეს პირდაპირ საოცრებაა“ - ამის შესახებ ნიკა გვარამიამ პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, პროკურატურა თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს და წარდგენილი ბრალი აბსურდულია.

„ვეღარ დავადგინე, ფული თუ იყო და გათეთრდა, ესე იგი ყოფილა ფული და თუ არ იყო, მაშინ რა გათეთრდა?! პროკურატურა მართლა აბუჩად ასაგდებ მდგომარეობაში იგდებს თავს. ჩემთან არ შეიძლება ეგეთი თამაშები. რა რა და, აბუჩად აგდება სამართლებრივ თემებზე გადასარევად შემიძლია, ცოტა მეტი იფიქრეთ. მოკლედ, სისულელეზე ვლაპარაკობთ. მიზანი არის „მთავარი არხი“, ეს მიზანი ვერ იქნება დაზიანებული. „მთავარი არხი“ იქნება ძალიან მალე ქვეყნის ყველაზე მთავარი და გავლენიანი ტელევიზია“, - აცხადებს გვარამია.

დღეს გვარამიას მიმართ პროკურატურამ ბრალის ახალი დადგენილება გამოიტანა, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვას, ასევე ყალბი გარიგებებს გულისხმობს. პროკურატურამ ასევე ბრალი წარუდგინა არხის ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას და რუსთავი 2-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია „ინტერმედიას“ დირექტორს, ზურაბ იაშვილს. ახალი ბრალის წარდგენამდე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით 10 აგვისტოს მიმართა. 11 აგვისტოს სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000 ლარის გირაო შეუფარდა.