ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა - შოთა დიღმელაშვილი მაკო გომურის სტატუსზე განმარტებას აკეთებს

15:06 09-06-2019
2280

აქცია „სირცხვილიას“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, შოთა დიღმელაშვილი მაკო გომურის სტატუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

დიღმელაშვილის თქმით, მაკო გომურს კითხვა ჰქონდა გამოგზავნილი და სწორედ ამ კითხვის დასმა უნდოდათ აქციის მონაწილეებს თუ ისინი პარლამეტში შეაღწევდნენ.

„მაკოს საშვის შესახებ: მოკლედ, 4 დღეა სისტემამ გაჭედაო, ამბობენ და არ გვიშვებენ პარლამენტში. ბუნებრივია, გუშინაც ვიცოდით, რომ არ შეგვიშვებდნენ. საშვები ავტომატურად ავიღეთ ყველას სახელზე #სირცხვილიას მოძრაობიდან, იმ იმედით, რომ ვიღაც შეაღწევდა. ფორმალურად, საშვები აღებულია ყველანი არ ვართ პარლამენტთან. მაგალითად, მეც არ ვარ ახლა პარლამენტთან და ჩემზეცაა საშვი. მოლოდინი გამართლდავინც არიან, იმათ არ უშვებენ.

გუშინ, გვიან ღამის პირველი საათისკენ გავიგეთ, რომ მაკო მიდიოდა ქალაქიდან, როცა საშვების სიაში უკვე იყო. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა. როგორც ვთქვი, მეოთხე დღეა სისტემამ გაჭედა, კვირის დასაწყისში დაიწყო ეს ჭიდაობა. თითქმის ნულოვანი ალბათობა იყო, რომ კანონიერად მოიქცეოდნენ და პარლამენტში შევაღწევდით და არც გვითხოვია, მაკოსთვის დარჩენილიყო და ტყუილად მდგარიყო გარეთ.

ცუდია, რომ ამგვარი მისკომუნიკაციის საფუძველი შეიქმნა, რაც სახელისუფლებო მედიას ასეთი სპინის საშუალებას მისცემს. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა, მაგრამ ეს ტვინებიც 79 დღე ქუჩაში დგომის შემდეგ, აქციის მერე, ღამის პირველ საათზე, ისე კარგად აღარ მუშაობს. აღარ დავიწყეთ შუაღამისას სიიდან ამოღებაზე ჩალიჩი. აღმოჩნდა, ამ ამბავმა სირცხვილიას დისკრედიტაცია გამოიწვია, რადგან ამ დროს მაკო თბილისში აღარ იყო. კარგი გაკვეთილია. აწი მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ. თუმცა კითხვებს, რომელთა დასმაც გვინდოდა, მაინც შევიტანთ პარლამენტში. დიდი მადლობა ამისთვის ოპოზიციურ პარტიებსშემოგვთავაზეს, რომ თვითონ გააჟღერებდნენ #სირცხვილიას კითხვებს“,- წერს სოციალურ ქსელში შოთა დიღმელაშვილი.

დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას უსმენენდნენ.

პარლამენტის შენობაში აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეებს არ შეუშვეს.

ოპოზიციის ინფორმაციით,საშვი დაშვებული იყო მაკო გომურზეც, თუმცა მას პარლამენტში შემოსვლა ეზღუდებოდა.

ცოტა ხნის შემდეგ მაკო გომურმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა, რომ 5 წუთით ადრე შეიტყო, პარლამენტში მის სახელზე საშვის დაშვების შესახებ.