დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები სამხრეთ კორეას შეხვდება

10:32 09-05-2019
22

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სამხრეთ კორეის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა სტამბოლში, ბაშაქშეჰირის ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მატჩისთვის მზადება გუშინ დაასრულა.

ჩვენს გუნდს დღევანდელ შეხვედრაში სხვადასხვა პრობლემების გამო რამდენიმე წამყვანი მოთამაშე ვერ დაეხმარება, განსაკუთრებული დანაკლისი კი საქართველოს ნაკრებს დაცვაში ექნება. მატჩს ტრავმის გამო სოლომონ კვირკველია და დავით ხოჭოლავა გამოტოვებენ.

გუნდის შემადგენლობაში არიან დებიუტანტებიც. ზურიკო დავითაშვილი და ლევან შენგელია საწვრთნელ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან. საწრთვნელი პროცესის დასრულების შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებულ შეხვედრაზე და გუნდში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

„ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. დანიასთან ნაჩვენები არასასურველი შედეგის შემდეგ, გვსურს, რომ კორეასთან მატჩი დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კორეის ნაკრები გასული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, ყავთ გამორჩეული ფეხბურთელებიც და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია.

მოხარული ვარ, რომ ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი დაბრუნდნენ. ვაკვირდებით მათ ფიზიკურ მდგომარეობას. მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიასთან გვიწევს დაპირისპირება. მომავალი წლის გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დროისთვის უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით, თუმცა გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, რადგან ხოჭოლავამ და კვერკველიამ ტრავმები მიიღეს. ბოლომდე მზად არ არის ლაშა დვალიც და ვაკვირდებით.

მიმდინარე შეკრებაზე გამოვიძახე დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ასევე კვარაცხელია და მათთან ერთად პირველად გამოვიძახე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლევან შენგელია, რომელიც კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შანსიც ეძლევათ ხოლმე. ვნახოთ, ვინ ითამაშებს ხვალ. რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაშები ნაკრებში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

დაგვიბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავად ირჯება, გააქვს გოლები - მისგან სწორედ ასეთ თამაშს ველოდით. ასევე მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილმა სწორი გუნდი იპოვა. ვფიქრობ, რომ ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიწევს მომდევნო თამაშისთვის.“ - აცხადებს სლოვაკი სპეციალისტი.

საქართველოსა და სამხრეთ კორეის ნაკრებების დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება. 8 სექტემბერს კი ქართველი ფეხბურთელები, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში დინამო არენაზე დანიის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებენ.