გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

23:43 09-04-2019
56

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობაზე   ტენდერი გამოაცხადა.

პროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული და კარანტინის შენობების, ვეტერინარული კლინიკის, ლაბორატორიის, ვოლირებისა და ყველა სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

თავშესაფრის ფუნქციებში შევა ცხოველის პატრონის დადგენის ან ახალი პატრონის მოძიების მიზნით, ქმედითი ღონისძიებების გატარება, ცხოველთადაცვით ორგანიზაციებთან ერთად, ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიების წარმოება.

მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას კახეთში, სადაც  დიდია დაავადებებისა და ეპიდემიის გავრცელების რისკი. ასევე, ხშირია ადამიანების დაკბენის შემთხვევები.

გურჯაანის ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის დასრულება 2020 წელს არის დაგეგმილი.

ტენდერის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებ-გვერდებზე:  http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=3498