Exclusive: ჩემს თვალწინ ფეხქვეშ გაიგდო და სცემდა - 13 წლის ბიჭის დედა ძმას შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს

21:06 09-04-2019
4188

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ოჯახზე, რომელმაც სოფელ სულორში სახლი დაკარგა (ქარმა სახურავი ახადა) და დახმარებას ითხოვს, თუმცა სახლის დაკარგვასთან ერთად ოჯახს სხვა გასაჭირიც აქვს. ამბობენ, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი, 12 წლის გიორგი მოძალადე ბიძის მსხვერპლია. 

ისინი ამ მომენტში ნათესავის სახლში აფარებენ თავს. 

„პრაიმტაიმი“ დეტალების გასარკვევად დაუკავშირდა ქალს, ვისთანაც ახლა ადამაძეების ოჯახი იმყოფება. 

ლელა ძნელაძე გვიყვება, რომ მის სახლში ისინი უკვე 5 თვეზე მეტია არიან და რითაც შეუძლია, ეხმარება. ასევე ლელა, ჩვენთან საუბარში 12 წლის გიორგიზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მას ბიძა მონასავით ექცევა, აწამებს და დაშინებული ჰყავს.

იგივეს უამბობს „პრაიმტაიმს“ 13 წლის გიორგის დედა ელენაც. 

„ჩვენ ლელამ შეგვიფარა, მერიამ გამოგვიყო თავშესაფარი, თუმცა იქ პირობები არ იყო, არც გაზი, არც საჭმელი და როდესაც ლელამ ჩამოგვაკითხა, ვეღარ დავმალე ჩვენი გაჭირვება და მასთან წაგვიყვანა. 1 კვირის შემდეგ სტიქიამ სახლი მთლიანად დაანგრია. 

„ჩემი შვილი ბიძასთან რჩებოდა ხოლმე, იმ სოფელში, საყულიეში დადის სკოლაში. ჩვენ ვეხმარებოდით, ჩვენი დახმარების ფულს მას ვაძლევდით, შემდეგ კი ძალიან ცუდად გვექცეოდა. 

ბავშვი ახლა ჩემთანაა, მაგრამ ისე ყავს დაშინებული, რომ წასვლა უნდა, მაგრამ არ გავუშვებ, ჩემს შვილს, ის ჯერ მხოლოდ 13 წლისაა. 

ეხმარებოდა ბავშვი ყველაფერზე, როდესაც სკოლიდან მოვიდოდა არ აცდიდა მეცადინეობას, სამუშაოდ გაჰყავდა. ერთხელ ბავშვს რაღაც დაავიწყდა. ყველას გვეძინა როცა ჩემი ძმა ამოვარდა ზევით, როგორ დაგავიწყდაო, ბავშვი ფეხქვეშ გაიგდო. მე გადავუდექი წინ. ჩემთვის მართალია არ დაურტყამს, მაგრამ სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა“, - გვიყვება ბავშვის დედა ელენა, რომელიც ონკოლოგიური პაციენტია.  

„მე გიორგიზე არასდროს მიძალადია და არც ცუდად მოვქცევივარ“ - ასე აუხსნა „პრაიმტაიმს“ დისშვილთან ურთიერთობა ვასო ადამაძემ.

„მე მას ყველანაირად ვეხმარები, უბრალოდ ახლა ის სახლში გავუშვი, რადგან ასეთი ხმები დადის. უხერხულად ვიგერძენი თავი. მე ვარ ნორმალური ადამიანი, გადაყოლილი ვარ მათ, მაგრამ ისინი უმადურები არიან, დონე არ აქვთ და სხვის ლაპარაკს უსმენენ... გიორგი პირველი იყო, ვინც მე შვილის სიყვარული მასწავლა. ახლა კი მყავს ჩემი ორი შვილი, მაგრამ გიორგისთან სულ სხვა ურთიერთობა მქონდა. გაბრაზებითაც გავბრაზებივარ, მაგალითად მაშინ, როცა სანთებელა ვუნახე და ვიეჭვე, რომ სიგარეტს ეწეოდა, თუმცა ფიზიკურად არასდროს შევხებივარ... 3 წელი ჩემთან ცხოვრობდა ჩემი დის ოჯახი. ქმარს სასმელი უყვარს და მათი რჩენა არ შეეძლო. ჩემი და მე და ჩემს ცოლს დაგვყავდა ექიმთან. რა მონობა და ძალადობა... ეს ყველაფერი სხვების მოგონილია, რასაც ელენაც აყვა. არ ვიცი რატომ. ეს სიტუაცია რომ შეიქმნა, გიორგის მე თვითონ ვუთხარი, წადი დედაშენთან-მეთქი. ფულიც გავატანე, რაც გინდა ის იყიდე ჩემთვის-თქო“, - ამბობს ბავშის ბიძა. 

ვინმეს ეს ისტორია, შესაძლოა, ჩვეულებრივ ოჯახურ კონფლიქტად მოეჩვენოს. თუმცა, ფაქტია, რომ ქალბატონი ელენა ჩვენთან საუბრისას შველას და დახმარებას ითხოვდა. მას ამ დრომდე ეშინია, რომ შესაძლოა მისმა ძმამ 12 წლის გიორგის რამე დაუშაოს, განსაკუთრებით კი ახლა, როცა მათი ურთიერთობა გამწვავდა და ფართო საზოგადოებისთვისაც ცნობილი გახდა.

ავტორი: თამთა თორდია