ონკოლოგიური პაციენტებისთვის სიახლეა - რა მოლაპარაკებებს გეგმავს მთავრობა

15:55 09-04-2019
190

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო გამოდის ინიციატივით, შეღავათიან ფასად მკურნალობის მიზნით, შეთანხმებას იმ სახელმწიფოებთან მიაღწიოს, სადაც ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის მიზნით, საქართველოდან ყველაზე მეტი ადამიანი მიდის.

ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ.

ვინაიდან ძალიან დიდია მოქალაქეების მიგრაცია მკურნალობის მიზნით, უწყება შეეცდება, ქვეყნებთან, სადაც მაღალია საქართველოს მოქალაქეთა მიგრაცია, სახელმწიფო დონეზე წარმართოს მოლაპარაკება, რათა მოხდეს პაციენტების შეღავათიან ფასად მკურნალობა იმ პერიოდამდე, ვიდრე საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შეძლებს მათთვის შესაბამისი სტანდარტისა და ხარისხის მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას,- განაცხადა ტიკარაძემ.