თავს უხერხულად ვგრძნობ - მამუკა გორგოძის პირველი კომენტარი ნაკრებში დაბრუნებაზე

10:10 09-04-2019
221

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გამორჩეული მელელოვე მამუკა გორგოძე „ბორჯღალოსნებს“ დაუბრუნდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ითამაშებს.

35 წლის მორაგბემ ნაკრებიდან წასვლის შესახებ განცხადება 2017 წელს გააკეთა. მაშინ მამუკას მიაჩნდა, რომ ასპარეზი ახალგაზრდებისთვის უნდა დაეთმო, მაგრამ გიორგი ცუცქირიძისა და მერაბ შარიქაძის ტრავმების შემდეგ, საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას დათანხმდა.

პირველი ვრცელი კომენტარი მამუკა გორგოძემ საქართველოს რაგბის კავშირთან გააკეთა და მსოფლიოს თასის გეგმებზე ისაუბრა.

„მყარი გადაწყვეტილება მქონდა მიღებული, რომ ნაკრებში აღარ ვითამაშებდი, თუმცა ჩემი დაბრუნება გამოიწვია იმ მდგომარეობამ, რომელიც გუნდში შეიქმნა -საქმეს ასე დაჭირდა და დავბრუნდი. ნაკრებიდან წასვლა იმის გამო გადავწყვიტე, რომ მსურდა, გულშემატკივარს კარგ ფორმაში მყოფი მამუკა გორგოძე დამახსოვრებოდა და ამავდროულად, შანსი მისცემოდათ ახალგაზრდებს. ამ სამი წლის განმავლობაში, არაერთი მცდელობა იყო, რომ ჩემი გადაწყვეტილება შემეცვალა, თუმცა ყოველთვის უარზე ვიყავი. ტრავმების შემდეგ მოთამაშეები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ საჭირო იყო ჩემი დაბრუნება. დამირეკა და დაბრუნება მთხოვა მამუკა ბახტაძემაც და დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე”,- ამბობს გორგოძე.

ქართველი მორაგბე გუნდზეც იყო დამოკიდებული, რადგანაც ტულონს მეორე ხაზში პრობლემები ჰქონდა, თუმცა მამუკამ და საქართველოს რაგბის კავშირმა ფრანგულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიეს.

„ნაკრებზე წინ კლუბის ინტერესი არასდროს დამიყენებია. მე პროფესიონალი მოთამაშე ვარ, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, მას კი თავისი მიზნები და ინტერესი აქვს. „ტულონში“ 3 წელი იცოდნენ, რომ მსოფლიო თასზე არ მივდიოდი და უცბად მოხდა ამ პოზიციის შეცვლა... აქ მხოლოდ სურვილი და კანონი არაფერ შუაშია, ჩემთვის სიტყვა კონტრაქტზე მეტია და მორალურად უნდა ვყოფილიყავი მართალი.

მართლა არ ვიცი, რა გამიკეთებია ნაკრებისთვის და ქართული რაგბისთვის ასეთი, გულშემატკივრისგან ამდენ სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ. თავს უხერხულად ვგრძნობ და ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობაც უფრო მატულობს. მათი მისამართით მადლობის მეტი არაფერი მეთქმის და ვეცდები, ეს მადლობა მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმის გაღებით გადავუხადო”, - თქვა მამუკა გორგოძემ რაგბის კავშირთან ინტერვიუში.