Exclusive: ოსტატი წალენჯიხიდან, რომელიც ხის სათამაშოებს სამხედრო თემატიკაზე ამზადებს

14:28 09-03-2019
4183

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში მცხოვრებმა 52 წლის დათო მოსიძემ 2015 წელს სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში კონკურსში გამარჯვება მოიპოვა. მან გრანტის სახით 5 ათასი ლარი მიიღო საკუთარ სახლში მცირე საწარმოს გასახსნელად, სადაც დაიწყო ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების დამზადება სხვადასხვა ჯიშის მცენარეების მერქნისგან.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა დიდი გამოცდილება. მიკრო მეწარმე პროფესიით ინჟინერ-მშენებელია. იგი ამჟამად მშობლიურ სოფელში მოხუც მამასთან ერთად ცხოვრობს.

„რა თქმა უნდა, ჩემმა პროფესიამაც შემიწყო ხელი. ამ მიმართულებით თბილისშიც ვმუშაობდი. 2002 წელს კი სოფელში ამბულატორია დავაპროექტე, მშობლების გამო მომიწია აქ ჩამოსვლა და თან ჩემს საყვარელ საქმესაც დავუბრუნდი. მანამდე კი გადაწყვეტილი მქონდა საზღვარგარეთ წასვლა“, - გვითხრა მან.

ამჟამად მთელი დღე სახლის ეზოში მდებარე სახელოსნოში ატარებს, სადაც ხის 8 სახეობას ამზადებს, უკვე 100- მდე დაამზადა.

ფაზლის ტიპის სათამაშოები არის ეკოლოგიურად სუფთა, ლაქზე და საღებავზე უარს ვამბობ, არანაირ ქიმიურ შენაერთებს არ ვიყენებ. მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ხე, რომ ბავშვებისთვის იყოს უვნებელი. ასევე, ამ დაშლილ სათამაშოს დეტალებს ასაწყობად ვათავსებ ხის ყუთში და მოზარდს შეუძლია ააწყოს, დამერწმუნეთ ეს უფრო მოსწონთ მათ. მაგალითისთვის, მოზარდს შეუძლია ააწყოს სატვირთო მანქანა, მთელი თავისი ატრიბუტიკით-ბენზინგასამართი სადგურით, ასევე დამზადებული მაქვს ამწე კრანით სატვირთო მანქანა და სარაკეტო დანადგარითაც...რაც,მთავარია ამ პროდუქციის დასამზადებლად ხე არ იჭრება, ბუნება ჩვენ მას უფასოდ გვჩუქნის. მასალის მოსაპოვებლად დავდივართ ტყე-ტყე, ხან მდინარე ჭანისწყალი გამორიყავს ხის მორებს, მეზობელმა გააკეთა რემონტი და მანაც მაჩუქა ხის ბუნებრივი მასალა.ძირითადად ვიყენებ სათამაშოების დასამზადებლად თუთას,ურთხმელს,კაკალს“,-გვიყვება დათო მოსიძე.

მეწარმის თქმით, პროდუქციის რეალიზაცია არ უჭირს.

„ამისთვის ვიყენებ ინტერნეტს, მაქვს ჩემი ვებგვერდიც. ბუნებრივია, კონკურენცია ბაზარზე დიდია, მაგრამ მე ჩემი ნიშა უკვე დავიმკვიდრე. ძირითადად მოზარდ ბიჭუნებს მოსწონთ სამხედრო თემატიკის სათამაშოები. რაც შეეხება ფასს, ყუთიანად ღირს 20 ლარი“.

მეწარმის მიზანია, თავისი საქმიანობა მომავალ თაობასაც შეასწავლოს და საწარმოო გააფართოვოს.

 

ავტორი: თეა შონია