სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სოციალურ ქსელში გავრეცელბულ ინფორმაციაზე განმარატებას აკეთებს

10:49 09-03-2019
58

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარატებას ავრცელებს.

როგორც სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, ბავშვთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მათ შორის უმნიშვნელოვანესია იმ მცირეწლოვნების ინტერესების დაცვა, რომლებიც  ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაიბადნენ ან დაიბადებიან.

„ბავშვთა უფლებების დაცვისა და ბავშვთა ტრეფიკინგის თავიდან აცილების მიზნით, 2016 წელს საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგინდა საქართველოში ექსტრაკორპორული განაყოფიერების (სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვის საქართველოდან გასვლის წესი. სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის ქვეყნიდან გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მათ სახელზე გაცემულ დაბადების მოწმობაში ორივე მშობელია მითითებული. აღნიშნული რეგულაციები უზრუნველყოფს მცირეწლოვნის არამართლზომიერი გადაადგილების თავიდან აცილებას მისი მშობლების მონაცემების დადგენამდე.

ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფო ბავშვთან ერთად იცავს სუროგაციის პროცესში ჩართული ყველა პირის (პოტენციური მშობლების, სუროგატი დედის, დონორის) ინტერესებს. კანონმდებლობით, პოტენციური მშობლები დაცულნი არიან სუროგატი დედის ან დონორის მხრიდან არამართლზომიერი დავისაგან, დონორი და სუროგატი დედა კი - მათი პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისაგან.

პროცესში ჩართული თითოეული პირის უფლებების დაცვა კი შესაძლებელია მხოლოდ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებით. კერძოდ, სუროგაციით დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის აუცილებელია, დაინტერესებულმა პირებმა წარმოადგინონ: 

· ექსტრაკორპორული განაყოფიერების დამადასტურებელი საბუთი;

· ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება დაინტერესებულ პირთა შორის: პოტენციური მშობლები, სუროგატი და დონორი (სუროგაციის პროცესში დონორის მონაწილეობის შემთხვევაში).

თუ საქმისწარმოებისას გამოვლინდება, რომ სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება დადებულია ექსტრაკორპორული განაყოფიერების შემდგომ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახური იღებს უარყოფით გადაწყვეტილებას მშობლების მონაცემებით ახალშობილის დაბადების რეგისტრაციის თაობაზე.ასეთ შემთხვევაში, სააგენტო, სოციალური მომსახურების სააგენტოს მომართვის საფუძველზე, არეგისტრირებს ახალშობილის დაბადებას  მშობლების მონაცემების მითითების გარეშე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმოებაში არსებული ექსტრაკორპორული განაყოფიერების(სუროგაციის) გზით დაბადებული ბავშვების რეგისტრაციის თაობაზე განცხადებების გარკვეული ნაწილის შესწავლისასგამოვლინდა, რომ დაინტერესებულ პირთა მიერ არ იყო დაცული დაბადების  რეგისტრაციისათვის აუცილებელი,კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც რამდენიმე პოტენციურ მშობელს უარი ეთქვა ახალშობილისდაბადების რეგისტრაციაზე.

აღსანიშნავია, რომ თითოეულ მოცემულ შემთხვევაში ბავშვი დაბადებულია სუროგაციის გზით და პირები, ვინც მათ მშობლებად დარეგისტრირებას ცდილობენ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. მათ დარღვეული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესები სუროგაციის პროცედურის განხორციელებისას. შესაბამისად, ჩვენი კანონისმიერი ვალდებულებაა, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურების დაცვის ვალდებულების შესახებ შევახსენოთ მათ და თავიდან ავიცილოთ ქვეყნიდან მცირეწლოვანთა  არამართლზომიერი გაყვანა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფო სერვისებისგანვითარების სააგენტო კონკრეტულ საქმეებზე დამატებით დეტალებს ვერ გაასაჯაროებს“, - ნათქვამია განცხადებაში.