სუსი - განცხადება, რომ დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს

17:31 09-01-2019
74

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ აბანოსთან დრონის ჩამოგდებასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.

უწყებაში განმარტავენ, რომ სოფ.აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა.

„მიმდინარე წლის 1 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფ. აბანოს მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი ე.წ. კვადროკოპტერი ჰაერში შეეჯახა სამოქალაქო პირის უპილოტო საფრენ აპარატს, ე.წ. კვადროკოპტერს, რამაც გამოიწვია ორივე მათგანის დაზიანება და ჩამოვარდნა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება განწყობილია კონსტრუქციულად და უდიდეს ყურადღებას უთმობს არსებული სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადება იმის შესახებ,  რომ თითქოსდა აღნიშნული დრონის ჩამოგდება მოხდა ქართველი პოლიციელების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, საქმის კურსშია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“, - განუმარტეს „პრაიმტაიმს” უსაფრთხოების სამსახურში.