ორშაბათსვე გამობრძანდეს და განუმარტოს საზოგადოებას ვისი დავალებით მოაწერა ხელი ამ შეწყალებას - უდუმაშვილი

12:55 08-31-2019
99

მოვითხოვთ რომ ორშაბათსვე გამობრძანდეს და განუმარტოს საზოგადოებას ვისი დავალებით მოაწერა ხელი ამ შეწყალებას - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პრეზიდენტის მიერ, პოლიციელის მკვლელის შეწყალების თემაზე საუბრისას გააკეთა.

ნაციონალურ მოძრაობაში თვლიან, რომ პრეზიდენტი ვალდებულია საზოგადოება ჩააყენოს საქმის კურსში. მათივე თქმით, მიუღებელია განმარტება, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა

„გასაგებია რომ სალომე ზურაბიშვილს დაავალეს ამ გადაწყვტილებაზე ხელის მოწერა და ისიც გასაგებია ვინ დაავალა, თუმცა კატეგორიულად მოვითხოვთ დასახელდეს ის პიროვნება, ან პიროვნებები, რომლებმაც რეკომენადაცია გაუწიეს ამ შეწყალებას“;-  განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რამაზ დევაძეს 2015 წლის 22 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა სალომე ზურაბიშვილის შეწყალებით მას ციხეში ყოფნა 4 წელზე ნაკლები ვადით მოუწია.

სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით შეიწყალა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.