გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ ოკუპირებულ რეგიონებში მდგომარეობა შეაჯამა

11:20 08-31-2019
11

გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ელენე აგლაძემ გაეროს უშიშროების საბჭოში, პოლონეთის წარმომადგენლობის შემაჯამებელი ბრიფინგის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

ელენე აგლაძემ მადლობა გადაუხადა პოლონეთის თავმჯდომარეობას, უშიშროების საბჭოს დღის წესრიგის „სხვა საკითხები“ ფარგლებში, აგრესიიდან 11 წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომის შედეგების განხილვისთვის. როგორც ელენე აგლაძემ განაცხადა, გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ ამ საკითხის განხილვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილზე უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რუსეთის მიერ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და საოკუპაციო ხაზთან მავთულხლართების აღმართვის უკანონო პროცესის შესაჩერებლად.

საქართველოს წარმომადგენლის თქმით, ეს მით უმეტეს შემაშფოთებელია ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე. კერძოდ, მან აღნიშნა 25 აგვისტოს საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ჩატარება, რომელსაც არ აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება.

ელენე აგლაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო შეშფოთებულია ბოლო დღეებში საოკუპაციო ძალების მიერ სამხედრო ტექნიკისა და პერსონალის მობილიზაციით საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჩორჩანას მახლობლად, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიაა. მისი თქმით, ეს დესტრუქციული ქმედებები და საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციული განცხადებები აუარესებს უსაფრთხოების მდგომარეობას და ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ შემდგომშიც გაამახვილოს ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე.