შაბათს ყველა ქართველის პულსის ცემა გაორმაგდება - ემოცია, რასაც „ბორჯღალოსნების“ გულშემატკივრები განიცდიან

22:04 08-30-2019
481

შაბათს დიდი დღეა!

31 აგვისტოს, „ბორჯღალოსნები“ მოედანზე საბრძოლველად გადიან. კა­ცე­ბი, რომლებიც ეროვნული ნაკრების კვართს იცვამენ, იციან მისი ფასი და ღირსება.

შაბათს, ამ კვართით ისინი უძლიერეს მეტოქეს ღირსეულად უმასპინძლებენ და დარწმუნებული ვარ, გააკეთებენ ყველაფერს რაც შეუძლიათ და ბო­ლოს, მიუხედავად იმისა, რა შედეგს დადებენ, თავაწეულები დატოვებენ მოედანს.

15 ბორჯღალოსანი 4 მილიონი ადამიანის სახელით კიდევ ერთხელ ეცდება ჩვენი ქვეყნის სიძლიერე მსოფლიოს დაუმტკიცოს.

უკვე წლებია ქართველი ბორჯღალოსნები ამას ახერხებენ და დარწმუნებული ვარ 31 აგვისტოსაც მოახერხებენ.

„ბორჯღალოსნებმა“ 31 აგვისტოს, საღამოს 20 საათზე, „დინამო არენაზე“ ისტორიული მატჩი უნდა ჩაატარონ.

თამაშის ისტორიულობა იმით გამოიხატება, რომ ტიერ1-ის გუნდს მშობლიურ მიწაზე ვმასპინძლობთ. ღირსეულად ვმასპინძლობთ და ამავე დროს თავდაცვისა და შეტევისთვის სრული მობილიზება გვაქვს. ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა აქვს გულშემატკივრის მხარდაჭერას. შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივარი ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანი ძალაა.

ბორჯღალოსნებისთვისაც“ უფრო მეტად სტიმულის მიმცემია ტრიბუნიდან ათასობით ადამიანის შეძახილი და უფრო მარტივია თამაში.

გარდა ამისა, ეს დღე მნიშვნელოვანია ექვსი ერის გადაწყვეტილების მიმღებისთვისაც. მათ უნდა დაინახონ, რა ხდება ამ დროს სტადიონზე. უნდა იგრძნონ ქართველების ერთიანობა. უნდა დაინახონ, რომ ჩვენ ის ერი ვართ, რომელიც ღირსეულ ადგილს იმსახურებს ექვს ერში. რაც მთავარია, ჩვენ უნდა დავანახოთ როგორ ვამაყობთ ჩვენი „ბორჯღალოსნებით“.

მეც, ერთ-ერთი რი­გი­თი ქო­მა­გი ვარ, რო­მე­ლიც უფრო აჩ­ქა­რე­ბუ­ლი პულ­სით ველოდები ამ დღეს.

ჯერ ადრეა ისტორიულ თამაშამდე, მაგრამ უკვე მინ­და ვნა­ხო დას­რუ­ლე­ბუ­ლი მატჩის შემდეგ როგორ შემოუვლიან ღირსეულად მოედანს ქართველები და მადლობას გადაუხდიან გულშემატკივრებს. მინდა ვნახო გადავსებული ტრიბუნა საქართველოს დროშის ფერებში და დარწმუნებული ვარ, ვიხილავ კიდეც.

ხვალ ყვე­ლა ქარ­თვე­ლის პულ­სის ცემა გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

31 აგვისტოს, უძლიერესი მეტოქის საჯარიმოში გარ­და­სახ­ვისჯა­რი­მის, არეკნისა და ლე­ლოს და­მი­წე­ბის უსაზღვრო სურვილით აღტკინებული ქართველების დღეა.

მაგრამ მთავარი ისაა, რომ უძლიერესი მეტოქის პირისპირ იქნებიან ის „ბორჯღალოსნები“, რომლებსაც ყველაზე მეტად უნდათ საქართველოს სახელით მეტოქის დამარცხება.

ჯერი ახლა ჩვენზეა, ღირსეულად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს. რადგან ეს რაგბია, სადაც ურთიერთპატივისცემას დიდი ფასი აქვს.

ერთად გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები! მათ შეიძლება არ ამოგვხედონ ტრიბუნაზე თამაშის დროს, მაგრამ ყოველი ჩვენი სიტყვა, შეძახილი გაათმაგებულად ესმით და უფრო მეტად ვეხმარებით მეტოქესთან ბრძოლაში.

და ნუ მოგერიდებათ ის შეძახილი, რაც ამ ლომებისთვის გემეტებათ​: მიდით, ბიჭებო! მიაწვაააა! დაიდო ლელოოო!!!!

ჰოდა, გამარჯვების ლელოზე თამაშის შემდეგ ვილაპარაკოთ...

რიგითი გულშემატკივარი - ნანიკო ჩხაიძე