რა შედეგით დასრულდა შეხვედრა - საგუშაგო ჩორჩანაში რჩება

16:26 08-30-2019
224

ხაშურის რაიონის, სოფელ წნელისში ტექნიკური შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა ქართულ მხარის, საერთაშორისო მონიტორების, დეფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარეობდა.

„შეხვედრა წარიმართა კონსტრუქციულ გარემოში, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. შევთანხმდით რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რაც გაიზიარა ყველა მხარემ. შემდეგ კვირაში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა ერგნეთში. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას, რომლის განხორციელებას შევუდგებით დღეიდანვე. საგუშაგოს ლოკაციაზე არის აზრთა სხვადასხვაობა, მიუხედავად ამ განსხვავებისა, შევთანხმდით რომ სიტუაციის დეესკალაცია არის ყველას ინტერესში“,- განაცხადა უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა კახაბერ ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, ცხინვალის რეჟიმმა დააფიქსირა პოზიცია, რომ მათი მიზანი არ ყოფილა ულტიმატუმების ენით საუბარი. ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრას საქართველოს, დე-ფაქტო ხელისუფლების, საერთაშორისო მისიებისა და ასევე რუსეთის მხარის წარმომადგენელიც ესწრებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საგუშაგოს ლოკაციის შეცვლის საკითხი ქართული მხარის მიერ არ განიხილება.  

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ანთაძის თქმით, მხარეების მხრიდან არის მზაობა, რომ მომავალში ტექნიკური შეხვედრა კიდევ გაიმართოს.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავუზიარეთ ჩვენი პოზიციები სოფელ ჩორჩანას ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის შესახებ. ჩვენი პოზიციები რჩება დიამეტრალურად განსხვავებული, მაგრამ არის პროცესის კონსტრუქციული გაგრძელების საფუძველი. შევთანხმდით კიდევ ერთ შეხვედრაზე, რომელიც მიმართული იქნება სიტუაციის დეესკალიაციისკენ. შევთანხმდით, რომ არ იქნეს გადადგმული ნაბიჯი ვითარების ესკალეციისკენ“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისივე თქმით, საგუშაგოს ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყიოფა და ეს არის ცენტრალური ხელისუფლების მკაფიო პოზიცია.